სტილი, დისციპლინა და დაცვა | მასვიდალმა ახსნა, რატომ არის ილია გეიჯისთან ფავორიტი
ხორხე მასვიდალს მიაჩნია, რომ ჯასტინ გეიჯის ილია თოფურიას დამარცხების ძალიან მცირე შანსი აქვს. „გეიმბრედმა“ მათ ორთაბრძოლაზე საკუთარ პოდკასტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორი“ გეიჯისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა.
„გეიჯის კარგად ვიცნობ და როგორც ადამიანი და როგორც მებრძოლი ძალიან მომწონს. მისნაირი მებრძოლი ვის არ მოსწონს, მაგრამ სტილისტურად და სტატისტიკურად, ილიას წინააღმდეგ ძალიან მცირე შანსი აქვს. სტილისტურად თოფურია მისთვის ძალიან ცუდი მეტოქეა.
გეიჯის ბევრი ისეთი ჩხუბი მოუგია, რომლებშიც მძიმე დარტყმები მიუღია, მაგრამ ბრძოლაში მაინც დაბრუნებულა და მოუგია. ილიას წინააღმდეგ ამას ვერ იზამ, ვერ დაბრუნდები, და თან, თოფურიას შესანიშნავი დაცვა აქვს, დარტყმებს მარტივად არ უშვებს. ილია ძალიან დისციპლინირებული მებრძოლია, როდესაც საუბარი დარტყმების განხორციელებას, ოქტაგონში გადაადგილებასა და თავის მოძრაობას ეხება. თავს სულ ამოძრავებს, რის გამოც მისთვის დარტყმის მიყენება რთულია. არ მგონია, გეიჯის მაღალი შანსი ჰქონდეს და თოფურია მისთვის ცუდი მეტოქეა, მაგრამ რომ გაიმარჯვოს... ღმერთო ჩემო, უდიდესი სენსაცია იქნება.“
ცნობისთვის, გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლას თბილისის დროით, 15 ივნისს ვიხილავთ. „ელ მატადორი“ უკვე მაიამიში იმყოფება და „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენისთვის აშშ-ში ემზადება.