„სანაკრებო ამბიციები ამის შემდეგ გამიჩნდება“ - ინტერვიუ Crystalbet ლიგის რეკორდსმენთან
საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის ერთ მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. პირველად ამის გაკეთება მიხეილ ჯიშკარიანმა 1991-1992 წლების სეზონში „ცხუმი“ – „მერცხალის“ (11:0) შეხვედრაში მოახერხა. მეორედ კი მსგავსი შედეგი 2023 წლის დეკემბერში ზურაბ მუსელიანმა „შუქურა“ – „გაგრას“ (0:9) თამაშში გაიმეორა. ეს უკანასკნელი მაშინ ჯოვინო ფლამარიონთან და ზორან მარუშიჩთან ერთად 17-17 გოლით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბომბარდირი გახდა.
საქართველოდან წასვლის შემდეგ მუსელიანმა ძალები სამხრეთ კორეის „გიონგამსა“ და ბოსნიის „ველეჟ მოსტარში“ მოსინჯა. ამჟამად კი, კვიპროსის „პარალიმნის“ ღირსებას იცავს, რომელიც სატურნირო ცხრილის აუტსაიდერია და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ზურას კვიპროსში დავუკავშირდით და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო თემებზე ისაუბრა.
ზურაბ მუსელიანი
„პარალიმნიმ“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. გვყავდა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი და მეც დაზიანების გამო 2 თვე გამიცდა. გარდა ამისა, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები, ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა და შეთამაშებისთვის გარკვეული დრო აუცილებლად გვჭირდება.
კვიპროსის ჩემპიონატში გადმოსვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი - კარგი პირველობაა, კარგი ინფრასტრუქტურაა, აქ მყოფი უამრავი მაღალი დონის ლეგიონერი კი ლიგას ხარისხს კიდევ უფრო უმატებს. სხვა ვარიანტებზე არ ვფიქრობ, რადგან „პარალიმნისთან“ კონტრაქტი მაისამდე მაკავშირებს და ვეცდები კლუბს რაც შეიძლება ბევრი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო.
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას თვალს მეტ-ნაკლებად ვადევნებ და სამწუხაროდ პროგრესის ნაცვლად, რეგრესის გზას ვადგავართ. როდესაც ლეგიონერი ჩამოგყავს, ის ადგილობრივზე ორი თავით მაღლა უნდა იდგეს, რასაც საქართველოში ნაკლებად ითვალისწინებენ.
შემტევი ფეხბურთელი ყოველთვის გოლებისა და ასისტების რაოდენობით ფასობს. როდესაც ამ მხრივ სახარბიელო სტატისტიკა მექნება, სანაკრებო ამბიციებიც ამის შემდეგ გამიჩნდება.
ცნობისათვის, 26 წლის ზურაბ მუსელიანმა კვიპროსის მიმდინარე ჩემპიონატში 6 მატჩში მოედანზე ჯამში 266 წუთი გაატარა და 1 გოლი გაიტანა.