მელიქიძის დუბლი - სტად ფრანსეს ბურჯის ორი ლელო
რაგბის ქართველ გულშემატკივრებს შორის მუდამ ჩნდება შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ხვდება გიორგი მელიქიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და რაც მეტი დრო გადის, 29 წლის მოთამაშე სულ უფრო მეტად ამტკიცებს, რომ მისი იგნორირება ამ ეტაპზე გაუმართლებელი და დაუშვებელია. სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამჯერადაც, როდესაც ის თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
საფრანგეთის TOP 14-ის X ტური „სტად ფრანსე“ – „ტულონის“ მატჩით დაიხურა, სადაც მასპინძლებმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს და მოწინააღმდეგე 51:24 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის სწორედ მელიქიძე გამოირჩეოდა, რომელმაც ორი ლელო დადო და მეტოქის ჩათვლის მოედანი 23-ე და 44-ე წუთებზე აიღო.
ცნობისათვის, 10 ტურში დაგროვებული 30 ქულით „სტად ფრანსე“ TOP 14-ის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „ტულუზას“ და „პოს“ ჩამორჩება.