მერაბ შარიქაძე
Aa
Aa

„ბუკასნაირი სამაგალითო ადამიანი ამას არ იმსახურებდა“ - ინტერვიუ რატი ურუშაძესთან

ნოემბერი ქართული რაგბისთვის დატვირთული თვეა - ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების, შემდეგ კი კანადის ეროვნული გუნდი დაამარცხა. თუმცა, მთავარი ტესტ-მატჩი ბორჯღალოსნებს წინ ელოდებათ და 22 ნოემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე იაპონიის ნაკრებს უმასპინძლებენ. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა მორაგბემ რატი ურუშაძემ, რომელსაც ნაკრებში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს გამართული, უამრავ საინტერესო თემაზე, მათ შორის მერაბ შარიქაძესთან დაკავშირებულ სკანდალურ ამბავზე ისაუბრა.

რატი ურუშაძე

იაპონიასთან მატჩი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ნაკრები დღესდღეობით ჩვენზე ძლიერები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებთან პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ეს უფრო იმის ბრალია, რომ ბორჯღალოსნებს სამიდან პირველი ტესტ-მატჩის ჩატარება ყოველთვის უჭირდათ, რადგან მორაგბეებს შეთამაშება სჭირდებათ. ჩვენ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ერთ დონეზე ვართ - ვერც ვპროგრესირებთ და არც უკან მივდივართ.

ამჟამად ნამდვილად კარგი თაობა გვყავს - ტექნიკური მორაგბეები არიან, უკანა ხაზის თამაში საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ შერკინებაში დომინაცია, რაც მუდამ ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო, თითქოს ნაკრების თამაშს მოაკლდა. მართალია ძალიან ფიზიკური გახდა რაგბი და ყველამ ისწავლა შერკინებაში დგომა და მოლის დაცვაც, მაგრამ რითაც მსოფლიომ გაიცნო საქართველო ეს იყო შერკინება და არ უნდა დაგვეკარგა.

ჯერჯერობით „შავი ლომი“ თავის დანიშნულებას ვერ ამართლებს, რადგან ჩემი აზრით ევროტურნირზე მხოლოდ 5-6 მაღალი დონის თამაშის ჩატარებას, სჯობს ეს მორაგბეები საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდნენ და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. თუ იმ ტურნირში ჩავერთვებით, რაზეც ყველა ვოცნებობთ, მაშინ „შავი ლომის“ არსებობა ნამდვილად გამართლებული იქნება, რადგან იქ მთელი სეზონი მაგარი თამაშების ჩატარება მოგვიწევს.

ამჟამინდელი მოცემულობით კი, ნამდვილად სჯობს ეს ბიჭები დიდ 10-ში იყვნენ დატვირთულები, რადგან სეზონში 15 ოფიციალური თამაშის ჩატარებით უფრო მოემზადებიან სანაკრებოდ, ვიდრე ოთხი შეხვედრის გამართვით და ექვსთვიანი წვრთნებით, რადგან ზოგჯერ ერთი თამაში გასწავლის იმდენს, რამდენსაც რამდენიმეთვიანი ვარჯიში ვერ გასწავლის.

მერაბ შარიქაძის საქმის დეტალები კარგად არ ვიცი, თუმცა ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველას დაფიქრება მართებს. მესმის, რომ ბუკას დაუფიქრებლად მოუვიდა ეს, მაგრამ დღესდღეობით WADA ის ორგანიზაციაა, რომელმაც ისეთი სახელოვანი სპორტსმენები გაწირა მერიონ ჯონსი, ბენ ჯონსონი და ასე შემდეგ არიან. მე ძალიან გული შემტკივა იმაზე, რაც შარიქაძეს დაემართა.

ადამიანურად მესმის მისი - მერაბი სამაგალითო კაცი და კაპიტანია, რომელიც ამას არ იმსახურებდა და ეს არ უნდა მოსვლოდა. არ იმსახურებდა უბრალოდ მისი საქმისადმი მიდგომითა და დამოკიდებულებით. როდესაც ინტერვიუ მოვისმინე და მისი დედის ტრაგედიის შესახებ შევიტყვე, ამ ყველაფერმა შემზარა. ერთ რამეს დავამატებ - ბუკა ისეთი მოთამაშე და ქართული რაგბისთვის ისეთი პიროვნება იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მას ტალახი ესროლოს. ძალიან მინდა და ვთვლი, რომ მერაბ შარიქაძე რაგბიდან ღირსეულად უნდა გავაცილოთ.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის ტესტებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონელებთან თამაშით დაასრულებს, რომელიც მომავალ შაბათს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შავი ლომი ჯერჯერობით დანიშნულებას ვერ ასრულებს“ - შკინინი ქართული რაგბის პრობლემებზე
„შავი ლომი ჯერჯერობით დანიშნულებას ვერ ასრულებს“ - შკინინი ქართული რაგბის პრობლემებზე