მერაბი ტოპ 5-ში არ შეიყვანა | მახაჩევმა UFC-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა. ცნობილ სტრიმერთან, ადინ როსთან საუბრისას მახაჩევმა UFC-ის მებრძოლების ტოპ 5 შეადგინა, რომელშიც მერაბ დვალიშვილი არ შეიყვანა.
„რას შევცვლიდი UFC-ში? Pound-for-Pound რეიტინგს და პირველ ადგილს დავიბრუნებდი, თუმცა კვირის ბოლოს ამას ისედაც გავაკეთებ. ვინ არიან ამ მომენტისთვის ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები? მე, ალეშანდრე პანტოჟა, ტომ ასპინალი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი და ილია თოფურია.“
როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ამჟამინდელ Pound-for-Pound რეიტინგში პირველ ადგილს ილია თოფურია იკავებს. მახაჩევი მეორე პოზიციაზე იმყოფება, დვალიშვილი კი მესამეა. „მანქანის“ შემდეგ ხამზატ ჩიმაევი და ალეშანდრე პანტოჟა მოდიან. ვოლკანოვსკი მეშვიდეზეა, ხოლო ასპინალი — მეცხრეზე.
გეტყვით იმასაც, რომ მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, კვირას გაიმართება.