„ჩემს განკარგულებაში მხოლოდ 15 ფეხბურთელია“ - სლოტი შენიშვნებს არ იღებს
ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში „ლივერპულმა“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და სათანადო შედეგიც მიიღო - მერსისაიდელები „ენფილდ როუდზე“ მათთვის ბოლო პერიოდში უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბებულ „კრისტალ პალასთან“ 0:3 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. ყველა ტურნირს თუ მივიღებთ მხედველობაში, ეს „წითლებისთვის“ ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე წაგებაა, რაც განგაშის საფუძველს ნამდვილაც იძლევა. თამაშის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა თავი ასე იმართლა:
„ტრავმიანობის პირობებში ამჟამად ჩემს განკარგულებაში ძირითადი გუნდის მხოლოდ 15 ფეხბურთელია. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ლიგის თასს მუდამ იმისთვის ვიყენებდით, რომ აკადემიის აღსაზრდელებისთვის თავის გამოჩენის შანსი მიგვეცა. ასე რომ, ვინც ძირითადი შემადგენლობის შერჩევის გამო მაკრიტიკებს, მათ შენიშვნებს ვერ მივიღებ. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო დროს „კრისტალ პალასთან“ გამარჯვება ჩვენი გუნდის ძირითადი გუნდის წევრებსაც უჭირთ“.
შეგახსენებთ, რომ „პალასთან“ მატჩში სლოტმა ძირითადის სხვა წევრების მსგავსად, გიორგი მამარდაშვილიც დაასვენა და მის ნაცვლად კარს ფრედერიკ ვუდმანი იცავდა. მომდევნო შეხვედრას მერსისაიდელები ინგლისის პრემიერლიგაში საკუთარ სტადიონზე „ასტონ ვილასთან“ გამართავენ, რომელიც შაბათს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.