„20 თეიქდაუნდი საიდან მოიტანეს“ - კორმიემ დვალიშვილი ახსენა
კორი სენდჰეგენის დამარცხებით მერაბ დვალიშვილმა არამხოლოდ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა, არამედ თეიქდაუნების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. რთული სათქმელია, რამდენად უკავშირდება ამ ყველაფერს, თუმცა ფაქტია, რომ მაინცდამაინც ახლა, ექსპერტად მომუშავე დენიელ კორმიე გამოვიდა ინიციატივით, რომ თეიქდაუნის განსაზღვრებაში უფრო მეტი სიცხადე შეიტანონ და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„პრობლემა თეიქდაუნებში კი არა, იმაში უფროა, რას მიიჩნევენ მსაჯები თეიქდაუნად. წარმატებულ გდებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ისეთი, როდესაც მოწინააღმდეგე იატაკზე არის მიჯაჭვული და არა მაშინ, როდესაც წაქცევიდან წამებში დგება ფეხზე. მაგალითად მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენს თეიქდაუნი რამდენჯერმე შეუსრულა, თუმცა არა ოცჯერ, არამედ ხუთი-ექვსჯერ, ოცი საიდან მოიტანეს, წარმოდგენა არ მაქვს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე უკვე ცნობილია და თუ 6 დეკემბერს, ლას-ვეგასში პიოტრ იანსაც დაამარცხებს, გახდება UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი, რომელიც ჩემპიონის ტიტულს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ოთხჯერ დაიცავს.