კინი: „მანჩესტერს მხოლოდ სიმეონე უშველის“
„მანჩესტერ იუნაიტედს“ კრიზისსა და პრობლემებს არამხოლოდ ამ სეზონში, არამედ უკვე რამდენიმე წელია ბოლო არ უჩანს. კლუბის ხელმძღვანელებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სათანადო შედეგს „სპორტინგში“ წარმატებულად მომუშავე რუბენ ამორიმი მაინც მიაღწევდა, თუმცა მისი ხელმძღვანელობით „ალისფერ ეშმაკებს“ ინგლისის პრემიერლიგაში ისეთი ცუდი შედეგები აქვთ, როგორიც არც ერთი სხვა სპეციალისტის ხელმძღვანელობით ასპარეზობისას არ ჰქონიათ.
„მანიუში“ არსებულ მძიმე ვითარებასა და გამოსავალზე სპორტული მედიის წარმომადგენლები როი კინს აზრს ხშირად ეკითხებიან ხოლმე, რომელიც ამჯერად უკვე მეტ კონკრეტიკაზე გადავიდა და კლუბის ხელმძღვანელებს პირდაპირ ურჩია ამორიმი პოსტიდან დაითხოვონ და მის ნაცვლად გუნდი დიეგო სიმეონეს ჩააბარონ.
როი კინი
დიდი ხანია ვლაპარაკობ, რომ რუბენ ამორიმი „მანჩესტერისთვის“ შესაფერისი დამრიგებელი არ არის და მის ნაცვლად სასწრაფოდ დიეგო სიმეონეს დანიშვნაა საჭირო, რომელიც კლუბში ნამდვილ ქაოსს მოიტანს, ოღონდ ქაოსს კარგი გაგებით.
ვერაფრის გარანტიებს ვერ მოგცემთ, უბრალოდ მომწონს მისი ხასიათი და შემართება. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩოლო „იუნაიტედისთვის“ შეუფერებელი, დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, ასეთ ადამიანებს შევახსენებ, რომ რამდენიმე კვირის წინ „ატლეტიკომ“ „რეალი“ 5:2 დაამარცხა.
შესაძლოა როხიბლანკო ისეთივე ძლიერი აღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ ამ გუნდს იოლად ვერავინ უგებს და მისი მებრძოლი ხასიათი არსად გამქრალა. „მანიუს“ კი ახლა სწორედ მებრძოლი ხასიათი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლის 23 დეკემბრიდან უდგას სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე გამართული 749 მატჩიდან მადრიდელებმა 442 მოიგეს, 166 ფრედ დაასრულეს და 141 წააგეს. ჩოლომ როხიბლანკოს ორჯერ ლა ლიგა (2014, 2021), ორჯერ ევროპა ლიგა (2012, 2018), ორჯერ უეფას სუპერთასი (2012, 2018), თითოჯერ კი კოპა დელ რეი (2013) და ესპანეთის სუპერთასი (2014) მოაგებინა.