„გოლდენ სტეიტის“ ზედიზედ მეოთხე, ფაჩულია კვლავ სათადარიგოა
წარმატებულ სვლას განაგრძობს „გოლდენ სტეიტ უორიორსი“. „მეომრებმა“ სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსი“ დაამარცხეს და 4 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ.
ზაზა ფაჩულია კვლავ სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში, ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო და 2 ქულასთან ერთად 1 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ზაზას მაგივრად სასტარტო ხუთეულში კვლავ ჯავალ მაკგი ვიხილეთ, 30 წლის ცენტრმა 13 წუთში 2 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
„უორიორსის“ რიგებში 32 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა, 25 ქულა ჩაიწერა აქტივში სტეფ კარიმ. მე-18 ორმაგი დუბლი მიითვალა დრეიმონდ გრინმა - 11 ქულა, 11 გადაცემა.
„გოლდენ სტეიტი“ 48 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ - „ჰიუსტონს“ მხოლოდ ერთი წაგებით ჩამორჩება.