„იანს გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნება“ - რუსეთში მერაბის შესახებ ისაუბრეს
რუსეთში კორი სენდჰეგენთან მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურნენ. ქართველი მებრძოლის შესახებ ACA-ს ყოფილმა ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალბერტ ტუმენოვმა ისაუბრა და პიოტრ იანთან პოტენციურ რემატჩსაც შეეხო. ტუმენოვმა განაცხადა, რომ იანს მერაბის დამარცხების უფრო დიდი შანსი ექნება.
რას ამბობს ტუმენოვი:
„მერაბის სისუსტე მისივე დარტყმის უნარია. მას ისე უნდა მოარტყა, რომ ამით ენერგია და კონცენტრაცია გამოეცალოს. თუ ააცილებ და ბრძოლის საშუალებას მისცემ, მასთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება. ყველამ ვიცით, რომ არ იღლება და ყოველთვის ცდილობს დარტყმის განხორციელებას. მაგრამ თუ მერაბს კარგად მოარტყამ, დიდხანს ვერ გაუძლებს.“
„სინამდვილეში, მისთვის დარტყმის მიყენება ძალიან რთულია, რადგან გამუდმებით მოძრაობს. ამის გამო დარტყმები არა მხოლოდ თავის არეში, არამედ სხეულისკენაც უნდა იყოს მიმართული. მსაჯები სხეულში დარტყმებს დიდად არ აფასებენ, ისინი შეუმჩნეველია, მაგრამ გამძლეობის შესამცირებლად ძალიან ეფექტურია. მერაბის ძლიერი მხარეების გასანეიტრალებლად ეს უნდა გამოვიყენოთ.“
„თუ ქართველს მცირედით შეანელებ, უკვე წარმატება იქნება. შემდეგ შეძლებ, რომ სხვა რამეც გააკეთო. მაგალითად, თავში დარტყმა სცადო. თუ სხეულში დაარტყამ, არ შეზღუდავ და დასვენების შესაძლებლობას მისცემ, მაშინ ამ დონის მებრძოლი ძალებს სწრაფად აღიდგენს და ჩვეულ რუტინას დაუბრუნდება.“
„პიოტრ იანი 100%-ით მზად უნდა იყოს. მას პირველ ბრძოლაში გაუჭირდა და თავისი უნარების ნახევარიც კი ვერ გამოავლინა. ახლა პიოტრს დვალიშვილის დამარცხების უკეთესი შანსი ექნება. რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, მას სატიტულო ბრძოლას არ მისცემენ.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მიმდინარე წელს უკვე მესამედ დაიცვა. ბრძოლის შემდეგ „მანქანამ“ პიოტრ იანი გამოიწვია და დეკემბერში ჩხუბი შესთავაზა.