ქოჩორაშვილი აქტიურად ჩაერთო - სპორტინგმა მოგება ხელიდან გაუშვა
პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის VIII ტური „სპორტინგისთვის“ დიდი იმედგაცრუების მომტანი გამოდგა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მისი უშუალო კონკურენტები „პორტუ“ და „ბენფიკა“ დღეს ერთმანეთში თამაშობენ, „არწივებისთვის“ „ბრაგასთან“ საშინაო მატჩის მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მე-19 წუთზე ლუის სუარესის მიერ გატანილი გოლით ამარცხებდნენ კიდეც ლისაბონელები მეტოქეს, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში, მათმა კაპიტანმა მორტენ ჰიულმანდმა 11-მეტრიანი აიკიდა, რომელიც ზუსტად როდრიგო სალასარმა შეასრულა და თამაში 1:1 დასრულდა.
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის თადარიგში იყო და შეხვედრაში 64-ე წუთზე ჰიდემასა მორიტას ნაცვლად ჩაერთო. ჩაერთო ძალიან აქტიურადაც - 66-ე წუთზე მისი ორი სახიფათო დარტყმა მეტოქე გუნდის მცველებმა დაბლოკეს, რასაც ორიოდე წუთში ქართველი მცველის ჭკვიანური პასიც მოჰყვა, რომლითაც თანაგუნდელს დასარტყმელ პოზიციაზე ტოვებდა, მაგრამ ეს გადაცემაშიც ჩაიჭრა. 76-ე წუთზე კი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ უხეშობისთვის არბიტრმა „ბრაგას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აჩვენა.
რვა ტურში დაგროვებული 19 ქულით „სპორტინგი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ სამი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 10 შეხვედრაში 1 საგოლე პასია.