„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო“ - კიტეიშვილი ალტახთან მატჩის შემდეგ
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ალტახს“ დაუპირისპირდა და რთულ ბრძოლაში 2:0 გაიმარჯვა.
სტუმართა სასარგებლოდ პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. 87-ე წუთზე, „ალტახის“ კარში დანიშნული პენალტი ქართველმა ნახევარმცველმა ზუსტად გამოიყენა და თავისი გუნდი დააწინაურა. მალევე, „შტურმმა“ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოოდ, 2:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა განვლილი მატჩი Sky Sports-თან შეაფასა.
რა თქვა კიტეიშვილმა:
„ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ევროპა ლიგაზე ჩატარებული რთული მატჩების შემდეგ. ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს თამაში რთული იყო. თავიდანვე ვგრძნობდით, რომ შანსების შექმნა გაგვიჭირდებოდა. ხშირად ვიღებდით არასწორ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ბოლო მესამედში. ძალიან დაგვეხმარნენ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები. კარგია, რომ მოედანზე ისეთი ფეხბურთელები შემოდიან, რომლებიც მატჩში განსხვავებას ქმნიან. ამ სამი ქულის მოპოვება მთელი გუნდის დიდი შრომის შედეგია.“
ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ექვს მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ევროპა ლიგის ფაზაში „რეინჯერს“ შეუგდო, ავსტრიის თასზე - სამოყვარულო ლიგის „ბიშოფსხოფენს“. საერთო ჯამში, ამ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 მატჩში მის აქტივში 7 გოლი და 1 საგოლე პასია (8 საგოლე მოქმედება).
რაც შეეხება „შტურმს“, 9 ტურის შემდეგ გრაცელები ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და საგულისხმოა, რომ კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ გამართული. ოთარ კიტეიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბერს, სტუმრად, „ლინცთან“ გამართავს.