მე-7 გოლი მე-10 მატჩში | კიტეიშვილი შტურმს გამარჯვებაში დაეხმარა
ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა'' სტუმრად „ალტახი'' დაამარცხა (0:2). პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა 85-ე წუთზე შეაგდო, პენალტი გოლად აქცია. მეორე გოლი მე-5 დამატებულ წუთზე ბეგანოვიჩმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმის'' სასტარტოში ითამაშა, 90-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის დასაწყისში მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, თუმცა თამაში გააგრძელა. ეროვნული ნაკრებისთვის დიდი ძალაა და კარგია, რომ მოედნიდან გასვლა არ მოუწია. ამ მატჩის შემდეგ საკლუბო ფეხბურთში პაუზაა, ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებას კარგი განწყობით შეუერთდება.
79-ე წუთზე კიტეიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ მის თანაგუნდელს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. 85-ე წუთზე კიტეიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ამ გოლით „შტურმა'' დააწინაურა - 0:1.
ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ექვს მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში „რეინჯერს’’ შეუგდო, ავსტრიის თასზე - სამოყვარულო ლიგის „ბიშოფსხოფენს’’. საერთო ჯამში, ამ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 მატჩში მის აქტივში 7 გოლი და 1 საგოლე პასია ( 8 საგოლე მოქმედება).