„მერაბს წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს“ - ჯოჯუა დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა Metaratings-თან კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა, პიოტრ იანთან რემატჩზეც ისაუბრა. ჯოჯუამ განაცხადა, რომ „მანქანა“ რუსი მებრძოლის დამარცხებას კიდევ ერთხელ შეძლებს.
რას ამბობს ჯოჯუა:
„არ ვიტყოდი, რომ მერაბისთვის ეს მარტივი ბრძოლა იყო, რადგან ხუთივე რაუნდი დაძაბული გამოდგა. შონ ომალისთან რემატჩი საკმაოდ სწრაფად დასრულდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მარტივი. მაგრამ მერაბი კიდევ ერთხელ, ძალიან კარგად გაუმკლავდა საკმაოდ კარგ მოწინააღმდეგეს და შესანიშნავი კარდიო აჩვენა. პირველ რაუნდში არ უჭიდავია, მაგრამ შემდეგ ჭიდაობა და კრივი ერთმანეთს შეურია.“
„მან შესანიშნავი დარტყმები აჩვენა. მერაბი, როგორც მებრძოლი, ძალიან სწრაფად ვითარდება. ყველამ ვიცით მისი კარდიოსა და ფიზიკური ძალის შესახებ. თუმცა, ტექნიკური განვითარების შემთხვევებსაც ვხედავთ. ამის ნახვა სასიამოვნოა.“
„ამ ეტაპზე, მერაბ დვალიშვილმა ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიოში ვერ ვხედავ მეტოქეს, ვინც მის დამარცხებას შეძლებს. მან ერთ მეტოქეს უკვე ორჯერ მოუგო და ახლა კიდევ მეორედ გამარჯვებას გეგმავს. მომავალში სხვა მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ახლა არ არსებობს მეტოქე, რომელიც მას წინ აღუდგება. მან ყველას გაასწრო, ვერავინ ახერხებს მის ტემპთან გამკლავებას. სანამ ასეთი მეტოქე გამოჩნდება, ის რემატჩებს გამართავს უმარ ნურმაგომედოვთან, პიოტრ იანთან, შონ ომალისთან...“
„მერაბი - იანი 2? გულწრფელად რომ გითხრათ, იანი ძალიან ძლიერი მებრძოლია და მისი ჩხუბის ყურება ძალიან მსიამოვნებს. მას საინტერესო ტექნიკა აქვს. თუმცა, მერაბის წინააღმდეგ... პირველ ბრძოლაში მერაბის მხრიდან სრული დომინაცია იყო. ამის შემდეგ დვალიშვილი ძალიან გაძლიერდა. არა მგონია, იანი ისე განვითარებულიყო, როგორც მერაბი. ამიტომ, მათი მეორე ბრძოლის შედეგი პირველის მსგავსი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მიმდინარე წელს უკვე მესამედ დაიცვა. ბრძოლის შემდეგ „მანქანამ“ პიოტრ იანი გამოიწვია და დეკემბერში ჩხუბი შესთავაზა.