„ისიც არ ვიცით კლასიკოში ითამაშებს თუ არა“ - ფლიკი იამალის ტრავმაზე
ლამინ იამალის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ბოლო არ უჩანს. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორი მკაცრი განცხადებები გააკეთა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა წინა სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ ესპანეთის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელების მიმართ, რამაც სიტუაცია უკიდურესად დაძაბა. ცეცხლზე ნავთი დაასხა „ბლაუგრანას“ მიერ გუშინ გავრცელებულმა სამედიცინო დასკვნამ, სადაც წერია, რომ 18 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია და ის არათუ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში, არამედ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით ფლიკის პოზიციის მოსმენა ყველას აინტერესებდა და მისი კომენტარი ასეთია:
„ვითარება წინა სანაკრებო ფანჯრის დამთავრების შემდეგ დაიძაბა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ჩემი მოთამაშეები ყოველთვის უნდა დავიცვა და ამიტომაც გავაკეთე ჩვეულებრივზე მკაცრი განცხადებები.
არ ვიცით ლამინი როდის დაბრუნდება, ეს არ არის მხოლოდ კუნთოვანი დაზიანება და მარტივი ტრავმა. მას გამოჯანმრთელებისთვის ორი, სამი, ან ოთხი კვირა შეიძლება დასჭირდეს. ისიც არ ვიცით, დაგვეხმარება თუ არა კლასიკოში. სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ვცდილობთ ოპტიმისტური განწყობა შევინარჩუნოთ“.
ცნობისათვის, ოქტომბერში ესპანეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება და უკვე გადაწყვეტილია, რომ „ფურია როხა“ „ჯვაროსნებთან“ მთავარი ლიდერის გარეშე იასპარეზებს.