გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

„ბარსელონას ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ...“ - წიტაიშვილის ინტერვიუ

გიორგი წიტაიშვილმა „მეცის“ ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში ბავშვობაზე, კიევის „დინამოს“ აკადემიაში გატარებულ წლებზე, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანზე და ფრანგულ კლუბში ადაპტაციაზე ისაუბრა.

„მამაჩემი ფეხბურთელი იყო და ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდა, მე ისრაელში დავიბადე, შემდეგ კი 10 წელი კვიპროსში ვიცხოვრეთ. მახსოვს, რომ ფეხბურთის თამაში იქ დავიწყე - ეს ძალიან მომწონდა.

მშვიდი ბავშვი ვიყავი და მშობლებს ვუჯერებდი. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი და ალბათ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ტელევიზორში მულტფილმებს არ ვუყურებდი - პატარა ასაკიდან მხოლოდ ფეხბურთს ვუყურებდი. მამაჩემი სულ მიმეორებდა, რომ კარგ ფეხბურთელობაზე მნიშვნელოვანი კარგი ადამიანობაა. ის ყველას სცემდა პატივს და მეც ვცდილობ, ასე მოვიქცე. ჩემი მშობლები ახლა საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა ცოტა ხნის წინ დედაჩემი და ჩემი და ერთი თვით საფრანგეთში ჩამოვიდნენ.

12 წლის ვიყავი, როცა კიევის „დინამოს“ აკადემიას შევუერთდი. უკრაინული ფეხბურთში აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, მე კი პატარა ვიყავი. იქ თამაშმა ძალიან ბევრი რამ მომცა: ფიზიკურად უფრო ძლიერი გავხდი, მაგრამ არც ტექნიკა დამიკარგავს. მთელი ოჯახი კვიპროსში დარჩა, მე კი უკრაინაში აღმოვჩნდი. 12 წლის ვიყავი და საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი. ენის ბარიერის გამო სკოლაში ვერაფერს ვიგებდი, ოჯახისგან შორს ვიყავი, მაგრამ ერთი მიზანი მამოძრავებდა - პროფესიულ დონეზე თამაში.

უკრაინაში ჩასვლამდე ორი თვე „ბარსელონას“ აკადემიაში გავატარე. ეს ნამდვილი საოცრება იყო - პირველი გუნდის თამაშებსაც დავესწარი. კლუბს ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ტრანსფერი ჩაიშალა, ჩემი ოჯახი კი ესპანეთში საცხოვრებლად ვერ გადავიდოდა.

კიევის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ვარ. ჯერ უკრაინის თასის ფინალში ვითამაშე, შემდეგ ევროთასებზე და მივხვდი, რომ ეს უკვე სერიოზული დონე იყო. თუმცა ფეხბურთელის ცხოვრებაში კარგ მატჩებს ცუდი პერიოდი მოსდევს და ეს მენტალურად ძალიან რთული გადასატანია. „დინამო“ უკრაინის წამყვანი კლუბია, რომლისგანაც ყოველთვის ჩემპიონობას ითხოვენ. 17 წლის ასაკიდან ისეთ დონეზე ვთამაშობდი, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა, თუმცა უკრაინასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. უკრაინული ენა ვისწავლე, გავიარე ყველა ასაკობრივი ნაკრები და 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონიც გავხდი. ეს შესანიშნავი იყო!

უკრაინაში გავიცანი ჩემი მეუღლე, ის ნახევრად უკრაინელია. როდესაც ომი დაიწყო, ეს საშინელება იყო... საკუთარი სახლის დატოვება მოგვიწია, თუმცა იქ ახლაც ცხოვრობენ ჩემი მეგობრები და სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორსაა. იმედია, ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოგვარდება.

საქართველოში არასოდეს მიცხოვრია და უნდა დამემტკიცებინა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვიმსახურებ. ჩემმა აგენტმა დამარწმუნა, პოლონეთის ჩემპიონატში გადავსულიყავი, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, იქ დავიბრუნე თავდაჯერებულობა, შემდეგ კი ერთი სეზონი „გრანადაში“ გავატარე. ვიცოდი, რომ თუ ერთ თამაშს მაინც ჩავატარებდი უკრაინის ნაკრებში, საქართველოს ნაკრებში ვეღარ მოვხვდებოდი. ბაბუაჩემის ოცნება იყო, რომ მე საქართველოს ნაკრებში მეთამაშა, თუმცა მან ვერც ერთი ჩემი მატჩის ნახვა ვერ მოასწრო. ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე თამაშის საშუალება მომცა - მას ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღება შეუძლია, ახლა კი ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა.

გიორგი აბუაშვილს რაც შეეხება, ის მამაჩემის გუნდში თამაშობდა. გიორგის აქ გადმოსვლამდე არ ვიცნობდი, მაგრამ მამაჩემისგან ვიცოდი, რომ ის გუნდში საუკეთესო იყო. როდესაც ერთ გუნდში ორი ქართველია, ეს კარგია, მაგრამ სამის შემთხვევაში უკვე პრობლემები იქმნება (იცინის...) მეც ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, მაგრამ გარკვეული გამოცდილება უკვე დამიგროვდა. გიორგის რჩევებს ვაძლევ, რათა ადაპტაციის პროცესი გავუადვილო“.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი „დინამოდან“ იჯარით „მეცში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 6 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
El Mundo: მიქაუტაძის ბრწყინვალება - ხალხის რჩეული
El Mundo: მიქაუტაძის ბრწყინვალება - ხალხის რჩეული