„ასეთია ჩემი პროგნოზი“ - იანის ანალიზი ილიასა და გეიჯის ბრძოლაზე
UFC-ის ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში, პიოტრ იანმა, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის მომავალი ბრძოლა გაარჩია, ასევე ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის ორი ჩემპიონის გამაერთიანებელ დაპირისპირებაზე თავისი პროგნოზი გააკეთა.
„გეიჯი დარტყმების გაცვლისას სახიფათოა. თუ თოფურია ზედმეტად გაერთობა და მასთან საშუალო დისტანციაზე ღია ბრძოლაში ჩაერთვება, შესაძლოა ე.წ. ლაქი-ფანჩი (იღბლიანი დარტყმა) გაეპაროს. თოფურია, როგორც წესი, მეტოქეს საშუალო და ახლო დისტანციას ახვევს თავს, იწყებს მის დაშლას და დარტყმები კორპუსიდან თავზე გადააქვს. ბევრი, ვინც მასთან ამ კონტაქტში შედის, იწყებს ყურადღების გამახვილებას მუცელზე და ამით ყბას დაუცველს ტოვებს.
თოფურიას სტილიდან გამომდინარე, მას უყვარს მეტოქის ბადესთან მიმწყვდევა, რათა იქ თავისი საქმე დაიწყოს. ვფიქრობ, ჯასტინ გეიჯი შეეცდება ახლო დისტანციას აარიდოს თავი, მაგრამ თოფურია მას სადღაც მაინც შეაჩერებს და აიძულებს ახლოში იჩხუბოს. გეიჯი აფორიაქდება და დარტყმას გაუშვებს. ფსონს თოფურიას გამარჯვებაზე ვდებ, ნოკაუტით მეორე ან მესამე რაუნდში“,
- განაცხადა რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლა, რომელშიც „ელ მატადორი“ და „ჰაილაითი“ მოქმედ და დროებით ქამრებს გააერთიანებენ, თეთრ სახლთან დაგეგმილი UFC Freedom 250-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.