„ჯასტინი დიდ წნეხშია, მაგრამ ბევრი ომი აქვს გამოვლილი“ - როგორია დუ პლესის პროგნოზი
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად რეიტინგის მეორე ნომერმა, დრიკუს დუ პლესიმ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა და საჩემპიონო ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს დუ პლესი:
„ვფიქრობ, ამჟამად ილია თოფურია სპორტში ყველაზე დიდი ვარსკვლავია და სრულიად დამსახურებულადაც,“ — განაცხადა დუ პლესიმ პოდკასტში Fight Forecast. „ის, რისი გაკეთებაც მან შეძლო, დაუჯერებელია. მისი ჩხუბის სტილის დიდი გულშემატკივარი ვარ, რადგან ის უბრალოდ კი არ იგებს, არამედ ამას სანახაობრივად აკეთებს — ისე, როგორც იმ ხალხისთვის მანამდე არასდროს მოუგიათ, რაც წარმოუდგენელია. მაგრამ ჯასტინ გეიჯი ჩემს ტოპ ხუთ, ან თუნდაც ტოპ სამ საყვარელ მებრძოლს შორისაა, ვის ჩხუბსაც სიამოვნებით ვუყურებ. ვგულისხმობ იმას, რომ ეს ბიჭი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოსაწყენ ჩხუბში არასდროს ყოფილა და არც შეუძლია იყოს, რადგან ასეთია მისი ბრძოლის სტილი. ის მოსაკლავად გადის. პედი პიმბლეტთან ბრძოლისას ხალხმა ის ჩამოწერა... ეს კაცი გულით მებრძოლია. ის 5 წლის ასაკიდან საბრძოლო სპორტშია ჩართული და ამ საქმეს აკეთებს. მან იცის, ეს რას ნიშნავს. ის სირთულეებს შეჯახებია. ომებშია ნამყოფი.“
„თითოეული ბრძოლა, რომელშიც ის ყოფილა, ალბათ ომი იყო, მაგრამ, იცით, მასში არის რაღაც ისეთი, რის გამოც არაფერზე დარდობს. ის არ არის შეშინებული. მას ილია თოფურიასი არ ეშინია. არც გულუბრყვილოა ამ საკითხთან მიმართებაში. ილია თოფურიასთან ისე ვერ იჩხუბებ, როგორც ბევრ სხვა ბრძოლაში, სადაც ის [გეიჯი] უბრალოდ გიჟდება და წინ მიიწევს. ილია ზედმეტად გათვლილად მოქმედებს და ძალიან ძლიერად ურტყამს. ვფიქრობ, ილიას ბევრად უკეთესი გრეპლინგი და ჭიდაობა აქვს. გეიჯის მოუწევს ამის მომზადება — ვფიქრობ, მისი გამარჯვების გასაღები ფეხში დარტყმები იქნება. მას გამანადგურებელი ფეხის დარტყმები აქვს. მას აქვს დარტყმა თავში, რაც დასტინ პორიესთან ვიხილეთ. კარიერის განმავლობაში ილია ჰაი ქიქით რამდენჯერმე ნოკდაუნშიც ჩავარდნილა. ასე რომ, ამ დარტყმების გამოყენება, მათი მომზადება და არა უბრალოდ ახლო დისტანციაზე დგომა და დარტყმების გაცვლაა საჭირო. ეს არ იქნება მისი პასუხი. ნოკაუტის მომზადება — აი, ეს იქნება მთავარი, და მისი უბრალოდ გადავლა იმ წნეხით, რასაც ის მიმართავს ხოლმე.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი თეთრ სახლში ორშაბათს, 15 ივნისს, საქართველოს დროით 06:00 საათიდან გაიმართება.