ოთხი გოლი მეორე ტაიმში - ნიდერლანდებმა იაპონიას ვერ მოუგო
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, იაპონიის ნაკრები ამჯერადაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელიც გრანდებს იოლად არაფერს დაუთმობს, რაც ნიდერლანდებთანაც დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდ კუმანის შეგირდები აზიელებს ორჯერ ამარცხებდნენ, იაპონელები არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლეს, ორივე შემთხვევაში წონასწორობა აღადგინეს და საბოლოოდ მატჩი შედეგიანი ფრით, 2:2 დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. 51-ე წუთზე ანგარიში „ლივერპულის“ ფეხბურთელების აქტიურობით გაიხსნა და რაიან გრავენბერხის ჩაწოდებას თავური დარტყმით ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი გამოეხმაურა. ზუსტად ექვს წუთში ტაკეფუსა კუბოს პასით წონასწორობა კეიტო ნაკამურამ აღადგინა. ნიდერლანდელებმა შეტევები განაგრძეს და კრის სამერვილის არაჩვეულებრივი დარტყმით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, რომელსაც ასისტენტობა ვან დაიკის მსგავსად, გრანვებერხმა გაუწია. თითქოს „ნარინჯისფერების“ გამარჯვებას საფრთხე აღარ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ კოკი ოგავას თავური დარტყმა გზად თავში დაიჩი კამადას მოხვდა და რიკოშეტირებულ დარტყმას ვერბრუგენმა ვეღარაფერი მოუხერხა.
ცნობისათვის, ამ ჯგუფში პირველი ტურის მეორე შეხვედრა შვედეთი - ტუნისი თბილისის დროით დილის 06:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მეორე ტურს, ნიდერლანდების მეტოქე 20 ივნისს შვედეთი იქნება, ხოლო იაპონელები 21 ივნისს ტუნისელებს დაუპირისპირდებიან.