გერმანელების მორიგი რეკორდი - ბრაზილია უკან მოიტოვეს
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გერმანიის ნაკრების გულშემატკივრები ყოველთვის დადებითად გაიხსენებენ. მართალია, მათი საყვარელი გუნდის მეტოქე უსუსტესი და ტურნირის დებიუტანტი კურასაო იყო, თუმცა ნებისმიერი მეტოქის კარში შვიდი ბურთის გატანა, თანაც თუ ეს ყველაფერი რეკორდის დამყარების საშუალებასაც გაძლევს, დიდი სიხარულის მომტანია.
იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა ნამდვილი შოუს დადგმის შემდეგ უკან ბრაზილიის ნაკრები მოიტოვეს და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდნენ. დიახ, შესაძლოა სელესაო ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიოს ყველა ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა გატანილი გოლების რაოდენობით გერმანიამ (239 გოლი) მათ უკვე ერთი ბურთით გაუსწრო.
ცნობისათვის, ბრაზილია მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, ხოლო გერმანელებს პლანეტის პირველობა ოთხჯერ აქვთ მოგებული. ბუნდესნაკრებმა მუნდიალის ოქროს მედლები 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში მოიპოვა, ხოლო სელესაომ პირველი ადგილი 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში დაიკავა.