გოლი მამის სამშობლოს ნაკრების კარში - აიარის ბოდიში ტუნისს
საკლუბო ფეხბურთისგან განსხვავებით, სანაკრებოში დიდი იშვიათობაა რომელიმე ფეხბურთელმა გატანილი ბურთი არ აღნიშნოს, თუმცა ამ წუთებში მიმდინარე შვედეთი-ტუნისის შეხვედრაში სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რამაც გულშემატკივრებში სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია.
როგორც ირკვევა, შვედების 22 წლის ფეხბურთელს იასინ აიარის საამისოდ სერიოზული მიზეზი ჰქონდა - ტუნისი მამამისის ისტორიული სამშობლოა, დედა კი მაროკოელი ჰყავს. თავად ფეხბურთელს აფრიკულ ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან შვედეთშია დაბადებული, ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში იასპარეზა და მთავარ გუნდში დებიუტი 2023 წლის იანვარში შედგა.
ცნობისათვის, შვედეთის ნაკრები შესარჩევი ეტაპის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა ერთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის ხარჯზე მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მაინც მოახერხა და ამ გუნდს „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი გრემ პოტერი ამზადებს.