„რონალდინიო მეგონა, მაგრამ მესი აღმოჩნდა“ - ლარსონი ყველა დროის საუკეთესოზე
ჰენრიკ ლარსონი იმ იშვიათ და ბედნიერ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც როგორც რონალდინიოს, ასევე ლიონელ მესის მხარდამხარ ასპარეზობა მოუწია და შესაბამისად, შვედმა ფორვარდმა გაუჩოსა და „ელ მონგოლიკოს“ რეალური შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი კარგად იცის. სამშობლოში ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, მას სწორედ ამ ორ ვარსკვლავთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა და ასეთი პასუხი მიიღეს:
„თავიდანვე იგრძნობოდა, რომ ლეოს ჰქონდა პოტენციალი შესანიშნავი ფეხბურთელი გამხდარიყო. თუმცა, იმ პერიოდში ჩვენ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე რონალდინიო ბრწყინავდა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მასზე უკეთესი როდესმე ვინმე გამოჩნდებოდა, მაგრამ სწორედ მესიმ დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
ლეოს ჰქონდა სისწრაფე, ოსტატობა და მოედნის ხედვა. ამ უნარების ფლობა ერთია, თუმცა მათი თავმოყრა მეორე. მესიმ ეს მოახერხა და ვფიქრობ მისი სახით მივიღეთ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ აჯობებს“.
ცნობისათვის, ჰენრიკ ლარსონი „ბარსელონაში“ 2004-2006 წლებში ასპარეზობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 63 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა.