„გუნდში ატმოსფერო გააუმჯობესა“ - ტაბატაძის კადისური პლუსები
იური ტაბატაძის ესპანური თავგადასავალი რომ საოცრად დაიწყო, ამაზე მისი სტატისტიკური მონაცემებიც კარგად მეტყველებს. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „კადისის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი იოლად დაიმკვიდრა, თუმცა როგორც გამოცემა Portalcadista იუწყება, მისი დამატებით არამხოლოდ კლუბის თამაშის ხარისხი, არამედ გასახდელში არსებული ატმოსფერო საგრძნობლად გაუმჯობესდა.
რას წერენ ტაბატაძეზე
ერთი შეხედვით ყველასათვის უცნობმა ქართველმა ფეხბურთელმა კადისში მოიტანა ის მუხტი და ხასიათი, რამაც კლუბი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა შეცვალა. იურის საოცრად მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბრაზილიელ მეკარე ვიქტორ ასნართან და მათი დუეტის მიერ ჩაწერილი ვიდეოები სოციალურ ქსელში საოცრად პოპულარულია. ესპანეთში გულშემატკივარი ახალწვეულს კარგი თამაშის გარდა, აფასებს იმითაც, თუ რამდენად კარგად შეეწყობა ის გუნდს და არსებულ გარემოს, რაშიც ტაბატაძეს თავისუფლად შეგვიძლია უმაღლესი შეფასება დავუწეროთ.
შვიდ ტურში დაგროვებული 15 ქულით „კადისი“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და „ლა კორუნიას“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. ტაბატაძის ანგარიშზე კი, 5 შეხვედრაში 3 გოლია.