ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი აბუაშვილი, გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„სხვანაირი მოლოდინები გვქონდა“ | ნაკრების ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბულგარეთთან გამართული მატჩით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად დამარცხდა და „ჯვაროსნებმა“ 1:2 წააგეს. შეხვედრის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს და თამაში შეაფასეს.

ოთარ კიტეიშვილი

„ქომაგებს უდიდესი მადლობა. ვნახეთ, ბულგარეთმა როგორი ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშა და შეიძლება, სტადიონზე უფრო მეტი ქართველი გულშემატკივარიც იყო. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მადლობა მათ, რომ ყოველ რთულ პერიოდში, განსაკუთრებით ახლა, რაც გვაქვს, ჩვენ გვერდით არიან და ყველაფერს ითვალისწინებენ. შეიძლება, არც გვეკუთვნის ასეთი გულშემატკივრობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჩვენთან არიან და დიდი მადლობა მათ.“

გიორგი გულიაშვილი

„სხვანაირი მოლოდინები გვქონდა. გვინდოდა, საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაგვესრულებინა, მაგრამ ეს არ გამოვიდა, რაც ძალიან სამწუხაროა. შემიძლია გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება მათი გვერდში დგომა, რათა ეს პატარა ჩავარდნა მალე გადავლახოთ. ამ გუნდის მჯერა. მჯერა თითოეული ფეხბურთელისა და სამწვრთნელო შტაბის, და მჯერა, შეგვიძლია იმ დონეზე დაბრუნება, რომელზეც ვიყავით და უფრო წინაც წასვლა.“

გიორგი აბუაშვილი

„ეს ახალწვეულებისა და გამოცდილი ფეხბურთელების შერწყმა მომავალში დაგვეხმარება. საქართველოს ნაკრებში ყოველთვის კარგი ატმოსფეროა, თუმცა ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ისე არ დასრულებულა, როგორც გვინდოდა. ფაქტია, ციკლი დამთავრდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. მარტიდან რაღაც ახლის შენებას დავიწყებთ.“

ზურიკო დავითაშვილი

„გავაგრძელებთ მუშაობასა და ვარჯიშს. პირადად მე ამას აუცილებლად გავაკეთებ და ეჭვი არ მეპარება, რომ სხვებიც იმავეს იზამენ. თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას გრძნობს და შრომას გააგრძელებს. დავბრუნდებით მინიმუმ იმ წარმატებით, რაც საქართველოს მოვუტანეთ, და იმავე მწვერვალებს მივაღწევთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სამი ქულით დაასრულა და მესამე პოზიცია დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარემარბები | რეიტინგში კვარაც მოხვდა
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარემარბები | რეიტინგში კვარაც მოხვდა