რეკორდული 23-ე სეზონი | ლებრონი ორმაგი დუბლით დაბრუნდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ საკუთარ კედლებში „იუტა ჯაზს“ 140:126 მოუგო, თუმცა ამ შეხვედრაში აღსანიშნავი პარკეტზე ლებრონ ჯეიმსის დაბრუნება იყო, რომელსაც რეგულარული სეზონის დასაწყისი ტრავმის გამო გამოტოვა.
ლებრონმა 29:37 წუთი ითამაშა და 11 ქულას, 3 მოხსნას, 12 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. „მეფე ჯეიმსის“ სამი სამქულიანიდან ორი იყო ზუსტი - ჩაგდებული სამქულიანებით (2561) ის NBA-ის ისტორიაში მეექვსე ადგილზე გავიდა. წინ ლებრონს ჰყავს სტეფ კარი - 4116, ჯეიმს ჰარდენი - 3222, რეი ალენი - 2973, დემიენ ლილარდი - 2804, კლეი ტომპსონი - 2729.
რაც შეეხება „იუტასთან“ მატჩს, „ლეიკერსს“ ლუკა დონჩიჩმა ულიდერა - 37 ქულა, 5 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, ოსტინ რივსმა 26 ქულა ჩააგდო, დეანდრე ეიტონმა კი 20 ქულა.
„ჯაზმენებში“ ყველაზე მეტი ქულა (34) კეიონტე ჯორჯმა ჩააგდო, ლაური მარკანენს 31 ქულა ჰქონდა, იუსუფ ნურკიჩმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა (10 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი).
„ლეიკერსი“ 11 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლებრონი და მისი თანაგუნდელები 24 ნოემბერს სტუმრად „იუტას“ წინააღმდეგ გამართავენ.