ყველაზე პატარა ქვეყანა მუნდიალზე | კიურასაო მსოფლიოზე ითამაშებს
ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ზონაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ისტორია დაიწერა. ბოლო ტურში იამაიკა საშინაო არენაზე კიურასაოს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
იამაიკასთან აღებული ქულის წყალობით, კიურასაომ 12 ქულა დააგროვა, ჯგუფი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. კიურასაო ყველაზე პატარა ქვეყანა გახდა, რომელიც მუნდიალზე ითამაშებს. კიურასაოს მოსახლეობა 156 ათას ადამიანს შეადგენს და აქამდე, რეკორდის ავტორი ისლანდია იყო (2018 წელი).
კიურასოს მთავარი მწვრთნელი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი დიკ ადვოკაატია, რომელსაც ნიდერლანდების, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ერაყის, რუსეთისა და ბელგიის ნაკრებებში უმუშავია. ბოლოს ის „დენ ჰააგს“ წვრთნიდა, შემდეგ კი კიურასაო ჩაიბარა.
კიურასაომ ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა - 3 მოგება, 3 ფრე. ადვოკაატის ბიჭებმა 13 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 3 გაუშვეს. კიურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ ისტორიაში პირველად იასპარეზებს.