დიოგუ ჟოტა, ენდრიუ რობერტსონი
Aa
Aa

„ჟოტასთან სულ ამაზე ვლაპარაკობდი“ | შოტლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში შოტლანდიის ნაკრებმა დანიას უმასპინძლა. „სკოტებს“ პირველი ადგილის დასაკავებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. მათ საკუთარ მოედანზე გამართული მატჩი 4:2 მოიგეს და 1998 წლის შემდეგ, მუნდიალზე პირველად გავიდნენ.

ანგარიში სკოტი მაკტომინეიმ გახსნა — მან ულამაზესი მაკრატელა დარტყმა შეასრულა და შოტლანდია დააწინაურა. 57-ე წუთზე რასმუს ჰოილუნდმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა — 1:1. 61-ე წუთზე დანია მოედანზე 10 კაცით დარჩა, ხოლო 78-ე წუთზე ლორენს შენკლენდმა „სკოტებს“ უპირატესობა კიდევ ერთხელ მოუპოვა — 2:1.

დანია მალევე დაბრუნდა და პატრიკ დორგუს გოლით ანგარიში გაათანაბრა — 2:2. მიუხედავად ამისა, შოტლანდიამ მაინც გაიმარჯვა: დამატებული დროის მესამე წუთზე კირან ტირნიმ ლამაზი გოლი გაიტანა, ხუთ წუთში კი კენი მაკლინმა საბოლოოდ დაუსვა მატჩს წერტილი — 4:2.

შეხვედრის შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა ენდრიუ რობერტსონმა საკუთარი გუნდის ისტორიულ მიღწევაზე ისაუბრა და ყოფილ თანაგუნდელს, დიოგუ ჟოტას, პატივი მიაგო: „მგონია, რომ ემოციები კარგად დავმალე, მაგრამ ძალიან მძიმე დღე იყო. ვიცოდი, რომ ასაკის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ბოლო შანსი მქონდა.

დიოგუ ჟოტაზე ფიქრი ვერაფრით შევწყვიტე. მე და ჟოტა მსოფლიო ჩემპიონატზე სულ ვსაუბრობდით. 2022 წელს მან მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა, მე კი ვერ ვითამაშე, რადგან შოტლანდია ვერ გავიდა. ბევრს ვლაპარაკობდით იმაზე, რა შეგრძნება იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. ვიცი, რომ ჩემ გამო ძალიან ბედნიერი იქნებოდა და ალბათ, ცაში იღიმის კიდეც.“

შოტლანდიამ C ჯგუფი 13 ქულით დაასრულა და დანიას ორი ქულით გაასწრო. საბერძნეთი მესამე ადგილზე დარჩა, ხოლო ბელარუსი — მეოთხეზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ