ფეხბურთელებმა გამარჯვების წყურვილი დაკარგეს  | სანიოლი მორიგი მარცხის შემდეგ
Aa
Aa

ფეხბურთელებმა გამარჯვების წყურვილი დაკარგეს | სანიოლი მორიგი მარცხის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ბულგარეთმა სოფიაში საქართველოს 2:1 მოუგო. მორიგი მარცხის შემდეგ ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ ყოველთვის ნეგატიურად ხარ განწყობილი. თუმცა ხვალ, როდესაც ამ თამაშის სტატისტიკას ნახავთ, გაკვირვებულები ვიკითხავთ, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი. ბურთის ფლობის დაახლოებით 80-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მეტოქე კი ორჯერ აღმოჩნდა ჩვენს საჯარიმოში და ორი გოლი გაიტანა. თუმცა, ეს რომ ხდება, პრობლემაა და ამის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ.

 

ბოლო სამი თვე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს ვცვლით, თუმცა მაინც ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც ასეთ მაღალ დონეზე უპატიებელია. თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო გლობალურია — როგორც ადრე აღვნიშნე, ყველანი კომფორტის ზონაში მოვექეცით, საიდანაც რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ. უფრო მეტი იმედგაცრუება გველის, თუ ჩვენს მენტალიტეტს არ შევიცვლით. შეცდომები, მათ შორის ამ მიდგომის ბრალია და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ვიცოდით, რომ ჯგუფში, სადაც ესპანეთი და თურქეთია, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებებულიყავით.

 

ერთი წლის წინ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მას შემდეგ გუნდის თითოეული წევრი რაღაცას ვაკლებთ. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა, რაც ძვირად დაგვიჯდა. საკმარისად არ ვიბრძოლეთ და ეს სულისკვეთება მარტში, ივნისში და მომდევნო ერთა ლიგაზე უნდა დავიბრუნოთ".

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 6-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 5 დათმო. სანიოლის გუნდმა 7 გოლი გაიტანა, 15 გაუშვა. პირველზე ესპანეთი 16 ქულით გავიდა, თურქეთმა 13 ქულით მეორე ადგილიზე დაიკავა, საქართველოსა და ბულგარეთის აქტივში 3-3 ქულაა. ესპანეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, თურქეთმა ფლეი-ოფში უნდა ითამაშოს, საქართველო და ბულგარეთი ამ ბრძოლას დაემშვიდობნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები