სუპერ თასის მატჩი ქუვეითში | კვარა და პსჟ მარსელს იანვარში შეხვდებიან
8 იანვარს, საფრანგეთის სუპერ თასის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „მარსელს“ დაუპირისპირდება. L’Equipe-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და ცნობილი გახდა ქვეყანა, რომელიც მატჩს უმასპინძლებს.
L’Equipe-ის მიხედვით, თამაში ქუვეითში გაიმართება. იყო სხვა ვარიანტები და მასპინძლობის სურვილი ომანმა და კოტ დ’ივუარმა გამოთქვეს, მაგრამ საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის საბჭომ არჩევანი ქუვეითზე შეაჩერა.
ფრანგული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ კიდეც, რომ ჩრდილოეთ კორეის სტადიონები დაკავებული იყო, თორემ სუპერ თასის შეხვედრას ალბათ იქ ჩაატარებდნენ.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „მარსელმა“ ლიგა 1-ში მეორე პოზიცია დაიკავა, სუპერ თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.