ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ოჯახური მიზეზების გამო - ოთარ კიტეიშვილი შტურმს ევროპა ლიგაზე ვერ დაეხმარება

ხვალ, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. გრაცელები სტუმრად დანიურ „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „შტურმმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი ნახევარმცველი გუნდს დანიაში არ გაყვა, ამის მიზეზი კი პირადი, ოჯახური მიზეზი გახდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ პარენსენმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ კიტეიშვილს თხოვნა უყოყმანოდ დაუკმაყოფილეს.

რას ამბობს პარენსენი:

„კიტემ დღეს დილით გვაცნობა, რომ ოჯახური საკითხის გამო ჩვენთან ერთად ვერ გაემგზავრებოდა დანიაში. რა თქმა უნდა, სრულად გვესმის მისი, ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. მას გუნდში მყოფი თითოეული წევრი იმ დროს მივცემთ, რაც საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის სჭირდება. დაველოდებით, როდის დაბრუნდება და მზად იქნება.“

„ბოლო წლებში მან დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს მისი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგაც გამოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ხვალ არ გვეყოლება, მაინც კარგ ხასიათზე ვართ. ბოლო თამაშებში მის გარეშეც კარგად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ამ დანაკლისის კომპენსირება შეუძლია.“

კიტეიშვილის არყოფნასთან დაკავშირებით „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ ზაუმელმაც ისაუბრა:

„ყველამ ვიცით, რომ კიტე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუმცა, დანარჩენი ფეხბურთელები მისი დანაკლისის მაქსიმალურად კომპენსირებას შეძლებენ. უახლოეს მომავალში ბევრი თამაში გვექნება და მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მოთამაშემ მეტი სათამაშო დრო და პრაქტიკა მიიღოს.“

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის გამო „შტურმის“ ორი მატჩი და სანაკრებო თამაშებიც გამოტოვა და გუნდს გასულ უქმეებზე, „ზალცბურგის“ წინააღმდეგ დაუბრუნდა. ქართველი ნახევარმცველი ამ მატჩში შეცვლიდან შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ მოლოდინები ვერ გაამართლა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„პარიზელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ მოლოდინები ვერ გაამართლა“ - ფრანგული მედიის შეფასება