„სერია A-ს დონის ფეხბურთელია“ | კალიარის სპორტულმა დირექტორმა კვერნაძე შეაქო
„ფროზინონეს“ ყოფილმა პრეზიდენტმა და „კალიარის“ სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანგელოციმ გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა. იტალიის თასზე „კალიარი“ და „ფროზინონე“ ერთმანეთს ხვდებიან და ანგელოცის შეკითხვა ქართველ ფეხბურთელზე და მის თანაგუნდელზე, ფერეს გეჯემისზე დაუსვეს.
„გეჯემისი ორი წლის წინ სერია A-ში თამაშობდა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო. გასულ სეზონში სერიოზული ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშა. ის სერია A-ს დონის ფეხბურთელია, ისევე როგორც გიორგი კვერნაძე. ისინი არიან მოთამაშეები, რომლებსაც რაღაც განსაკუთრებული აქვთ და მათზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ამიტომ არის.“
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კვერნაძეს სერია A-ს რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა. გიორგის „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.
რაც შეეხება „ფროზინონეს“, მიმდინარე სეზონში მისი მიზანი სერია A-ში დაწინაურებაა. სერია B-ს ოთხი ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციას იკავებს.