არსენალი, ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

რა სჭირს გიოკერეშს? - არტეტას დილემა და გულშემატკივრების იმედგაცრუება

ვიქტორ გიოკერეშის ლონდონური კარიერა ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს. გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ტრადიციულ ცენტრალურ თავდამსხმელს ელოდნენ, ეს უკიდურესად იმედგაცრუებულია. მოლოდინი იყო, რომ სწორედ გიოკერეში გახდებოდა ის ფეხბურთელი, ვინც ხშირი ჩაწოდებების შედეგად გოლებს გაიტანდა.. დიდი ხნის ნანატრი „მტაცებელი“ საჯარიმოში. რეალობაში კი ვიქტორს ასეთი შანსები სისტემატურად ხელიდან უსხლტება.

პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში გიოკერეშმა ოთხი გოლი გაიტანა, თუმცა მათგან სამი მის პირველ ოთხ თამაშზე მოდის. სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ჩატარებულ 10 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში მან მხოლოდ ერთხელ შეძლო გოლის გატანა — ნოემბერში, სტუმრად „ბარნლის“ წინააღმდეგ. დროის გასვლასთან ერთად ის თითქოს არ ერგება „არსენალის“ თამაშის მოდელს.. პირიქით, სულ უფრო სცილდება თამაშის დინებას.

შაბათს, „ვულვერჰემპტონთან“ მატჩში, ვიქტორი ფაქტობრივად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა. ლიგის ყველაზე სუსტი გუნდის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრა თეორიულად იდეალური შანსი იყო „არსენალის“ ფორვარდისთვის გოლების დასაგროვებლად, თუმცა 81 წუთში მხოლოდ 15 შეხება და ერთი დარტყმა ჰქონდა.

მოედანზე გამოსულ „არსენალის“ ყველა ფეხბურთელს შორის — მათ შორის შეცვლაზე შემოსულებსაც — მასზე ნაკლები შეხება მხოლოდ გაბრიელ ჟეზუსს ჰქონდა (რვა შეხება ცხრა წუთში).

ანალოგიური სურათი იყო გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგეს“ წინააღმდეგ. გიოკერეშს 62 წუთში მხოლოდ 12 შეხება ჰქონდა, მაშინ როცა ჟეზუსი სათადარიგოდან შემოსვლის შემდეგ 28 წუთში 20-ჯერ შეეხო ბურთს. შვედი თავდამსხმელის გოლების სიმცირე არა იმდენად გამოუყენებელი შანსებით აიხსნება, რამდენადაც იმით, რომ თამაშში იმდენად ნაკლებად არის ჩართული, რომ შანსებს საერთოდ ვერ იღებს..

„არსენალის“ მთავარი საფიქრალი ისაა, რომ 27 წლის თავდამსხმელი კვირიდან კვირამდე ნაკლებად ეფექტური ხდება. თვეების მიხედვით თუ დავყოფთ მის პრემიერ ლიგურ გამოსვლებს, დეკემბერი მისი ყველაზე ცუდი პერიოდია. ამ თვეში ის საშუალოდ ნაკლებ შეხებასა და ნაკლებ დარტყმას აფიქსირებს, ვიდრე წინა ოთხ თვეში..

ეს თავად გიოკერეშის პრობლემაა თუ გუნდის, რომელიც მის ძლიერ მხარეებს ვერ იყენებს? მიკელ არტეტამ ბოლო დღეებში დიპლომატიურად მიანიშნა, რომ ორივე ფაქტორია გადამწყვეტი.

„ეს ორი რამ ერთმანეთს უნდა შეერწყას“, — თქვა „არსენალის“ მწვრთნელმა, როცა ჰკითხეს, რამდენად უნდა მოერგოს გუნდი გიოკერეშს და რამდენად — თავად გიოკერეში გუნდს.

ჯერ საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა გულშემატკივრებს აშფოთებთ ეჭვი, რომ „არსენალმა“ შესაძლოა ისეთი ფეხბურთელი შეიძინა, რომელიც უბრალოდ არ შეესაბამება გუნდის სისტემას..

ზაფხულში გავრცელდა მოსაზრება, რომ არტეტა მზად იყო ამ სეზონში უფრო პირდაპირი, გარდამავალ ფაზებზე დამყარებული ფეხბურთი დაენერგა, რათა გიოკერეშის პოტენციალი მაქსიმალურად გამოეყენებინა.

პორტუგალიაში ის ხშირად სწორედ კონტრშეტევებზე თავისუფალ სივრცეში გარბენებით იტანდა გოლებს. თუმცა ეს გეგმები ჯერჯერობით არ განხორციელებულა. „არსენალი“ ერთ მატჩზე საშუალოდ იმდენივე სწრაფ კონტრშეტევას აკეთებს, რამდენსაც შარშან — 0.9. გასულ სეზონში კი „სპორტინგი“ საშუალოდ 1.6 ასეთ შეტევას აფიქსირებდა მატჩში.

ამ ყველაფერს გარკვეული უიღბლობაც ახლავს. ვიქტორმა „არსენალის“ მაისურით საუკეთესო თამაში გასულ თვეში, „ბარნლის“ წინააღმდეგ პირველ ტაიმში ჩაატარა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და შესვენებაზე მოედანი დატოვა. სწორედ მაშინ, როცა ფორმაში შედიოდა და იმპულსს იკრებდა, რამდენიმე კვირით იძულებით ჩამოშორდა თამაშს..

შვედი ფეხბურთელის სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ მის არ ყოფნაში მიკელ მერინომ შესანიშნავი მატჩები ჩაატარა.

ამპლუით ნახევარმცველი, მერინო „არსენალის“ შეტევის წინა ხაზს სათავეში ჩაუდგა და გუნდს წინ გაუძღვა, როგორც „ტოტენჰემთან“, ისე „ბაიერნთან“ მატჩებში..

გაბრიელ ჟეზუსის სრულფასოვანმა დაბრუნებამაც დამატებითი ზეწოლა შექმნა გიოკერეშზე. ბრაზილიელი დაბრუნებისთანავე ბრწყინავდა „ბრიუგეს“ წინააღმდეგ — აქტიურად მოძრაობდა შეტევის მესამე ზონაში, იდეალურად ერწყმოდა თანაგუნდელებს და შემდეგ „ვულვზთან“ მატჩში გადამწყვეტ გოლშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა..


თუ ჟეზუსი ამ ტემპს შეინარჩუნებს და თუ არტეტა მერინოს კვლავ რეალურ ალტერნატივად განიხილავს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, მაშინ გიოკერეში შესაძლოა ძალიან მალე მესამე არჩევანად გადაიქცეს. არ უნდა დაგვავიწყდეს კაი ჰავერცი, რომელიც ჯერ არ დაბრუნებულა და ის მიკელ არტეტას ძალიან უყვარს..

ესპანელმა მწვრთნელმა ამ თვის დასაწყისში თავად აღიარა, რომ ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა გარკვეულად აშინებდა, რადგან ჟეზუსისა და ჰავერცის სახით უკვე ჰყავდა ორი ფორვარდი, რომლებიც ძალიან მოსწონს. შესაძლოა მალე დადგეს მომენტი, როცა მას გიოკერეშის, ჰავერცისა და ჟეზუსის პრიორიტეტების მიხედვით დალაგება მოუწიოს— და ეს შვედი ფორვარდისთვის კარგი ამბავი ვერ იქნება..

„მთელი ზაფხული ვფიქრობდი: თუ ‘ცხრიანს’ მოვიყვანთ, რა ბედი ეწევა გაბისა და კაის?“ — თქვა არტეტამ.

კულისებს მიღმა გიოკერეში აღწერილია როგორც პოზიტიური განწყობის მქონე ფეხბურთელი, რომელიც სწრაფად მოერგო გუნდს, და „არსენალში“ კვლავ სჯერათ, რომ მოედანზეც ყველაფერი საბოლოოდ აეწყობა.

„გოლები მოვა,“ — ამტკიცებდა არტეტა გასულ კვირას.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად კრიტიკულია, რომ ვიქტორმა ინდივიდუალურად იბრწყინოს? ფაქტია, რომ „არსენალი“ ლიდერობს, როგორც პრემიერლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე და ამ მატჩების უმრავლესობაში გიოკერეშმა ითამაშა. მას შეუძლია ამტკიცოს, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი შეაქვს, თუნდაც იმ გოლებს ვერ იტანდეს, რასაც მისგან ელოდნენ..

ამ არგუმენტის საბოლოო გამოცდა იქნება ის - ეთანხმება თუ არა არტეტა ამ შეხედულებას. პასუხი მის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდება..

რჩება თუ არა გიოკერეში „არსენალის“ შეტევის მთავარი ფიგურა?

იქნება თუ არა ის მთავარი არჩევანი ჟეზუსისა და ჰავერცის წინ მომდევნო კვირებსა და თვეებში? ..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ზიდანმა ვერ მიცნო? მე მას ყოველთვის ვიცნობ.. ის თავის ნაკრებს ფინალის წაგებაში დაეხმარა“
“ზიდანმა ვერ მიცნო? მე მას ყოველთვის ვიცნობ.. ის თავის ნაკრებს ფინალის წაგებაში დაეხმარა“