რამდენიმე წლის წინ, ალბათ ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ უსმან დემბელე ოქროს ბურთს მოიგებდა..
მოდით, დღევანდელ ბლოგში პარი სენ ჟერმენის სუპერვარსკვლავის განვლილ გზას დეტალურად გავეცნოთ..
დემბელეს ოქროს ბურთი საფრანგეთისთვის მე-6 ტიტულია, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, გარკვეულწილად მოულოდნელი.
პარიზში, Théâtre du Châtelet-ის სცენაზე გამართულ 69-ე „ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე, დემბელე შეუერთდა ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან რეიმონ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983, 1984, 1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და კარიმ ბენზემა (2022).
ალბათ ცოტა თუ იტყვის, რომ მან ეს ჯილდო დაუმსახურებლად მოიგო.. ფრანგმა შემტევმა პარი სენ ჟერმენისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა და კლუბს ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა..

იყო დრო, როდესაც დემბელეს კარიერა ფეხით გათელილს ჰგავდა, მაგრამ ის აღზევდა და გმირი გახდა..
სტატისტიკა გამანადგურებლად მარტივია, თუმცა, როგორც ყოველთვის, მთელ ისტორიას მაინც ვერ მოგვითხრობს. გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად დემბელემ 53 თამაშში 35 გოლი გაიტანა — მხოლოდ ხუთით ნაკლები, ვიდრე მან ბარსელონაში 185 მატჩში გაიტანა..
2017 წელს, დემბელე მაშინ ფინანსურად ძალიან ძლიერ ბარსელონაში გადავიდა. პროფესიონალიზმის შესახებ ეჭვებმა — განსაკუთრებით კვების რეჟიმსა და დისციპლინასთან დაკავშირებით, ბარსელონა იმდენად შეაშფოთა, რომ მისი კვების დასარეგულირებლად პირადი მზარეულებიც კი დაუნიშნეს. ზოგი ამბობდა, რომ ღამე ვიდეო თამაშებს იმდენ ხანს თამაშობდა, რომ ვარჯიშებზე აგვიანებდა..
მოგვიანებით ფეხბურთელმა აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში პროფესიონალური გზის მოთხოვნებს ბოლომდე ვერ აღიქვამდა, თუმცა ისტორიების მნიშვნელოვან ნაწილს გადაჭარბებულსაც უწოდებდა. ჩვევები გამოსწორდა და ბარსელონაში ბოლო ორ სეზონში მისი ტრავმები მინიმუმამდე შემცირდა. სწორედ ეს გახდა ის საძირკველი, რომელზეც პსჟ-ში დღევანდელი დემბელე აშენდა..

2021 წელს, ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ უსმანს კილიან მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელი უწოდა, ხოლო იმ დროს ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა: „თუ სწორად გამოიყენებ, სამყაროში საუკეთესო მოთამაშე იქნება.“
საბოლოო ჯამში, ფრანგი ვარსკვლავისა და კატალონიური გრანდის ურთიერთობა 14 კუნთოვანი ტრავმით და გამოტოვებული 784 დღით დასრულდა.. ტრავმები ფეხბურთის ნაწილიაო, ამბობენ, მაგრამ დემბელეს კარიერის დასაწყისში ცხოვრების ჯანსაღ წესზე სწორი წარმოდგენა ნამდვილად არ ჰქონდა..

2 თვით ადრე, ბარსელონამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა. აღსანიშნავია, რომ ბლაუგრანას ფინანსურად უკვე ძალიან უჭირდა. ულტიმატუმი იმაში მდგომარეობდა, რომ ბარსამ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ის გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებდა. ან დათანხმდებოდა, ან გუნდიდან წავიდოდა..
დემბელემ ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა. ჩავის, რომელიც იდეალურად აცნობიერებდა გუნდის საჭიროებას მისი ხარისხის მიმართ, მხარი დაუჭირა ფეხბურთელს და არ დაეთანხმა კლუბის ხელმძღვანელობის მკაცრ მიდგომას. თუმცა, საბოლოოდ, ფრანგი ტალანტი გუნდიდან მოკვეთეს..
კატალონიაში აღარავის სურდა დემბელეს პოზიციის მოსმენა. იმ დროისთვის ის ხშირად ხდებოდა ადგილობრივი მედიისა და გულშემატკივრების მარტივ სამიზნედ. კლუბში გატარებულ წლებთან, სადაც იყო როგორც არასტაბილურობა და განუხორციელებელი პოტენციალი, ისე სამი ლა ლიგის ტიტული, ორი კოპა დელ რეი და ორი ესპანეთის სუპერთასი – შთაბეჭდილება აშკარად იმაზე მიუთითებდა, რომ მისი დრო ბარსელონაში ამოწურული იყო..

2023 წლის ზაფხულში, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენში სულ რაღაც 43.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ იქ ყველაფერი გაცილებით უკეთ დაიწყო..
დღეს, ფეხბურთელი, რომელსაც სრულიად სამართლიანად შეუძლია თქვას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო იყო – ზუსტად ისე, როგორც ჩავიმ იწინასწარმეტყველა – FFT-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს, რატომ წავიდა ყველაფერი ასე კარგად მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ში დაბრუნდა.
დემბელეს ურჩევნია, რომ მის საფეხბურთო უნარებზე და მიღწევებზე თვითონ საუბრობდეს, მაგრამ ხანდახან ფეხბურთელის რეალური სახის გასაცნობად სხვების საუბარიც საჭიროა..
ფრანგ გარემარბს 2016 წელს, ჯერ მხოლოდ 27 მატჩი ჰქონდა უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული, რა დროსაც ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა..
მისი საფებხურთო კარიერა რენში დაიწყო. აკადემიას 13 წლის ასაკში შეუერთდა, ხოლო ლიგა 1-ში დებიუტიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა მას ეროვნულ ნაკრებში მისცეს შანსი..
მამლებში მისი დებიუტი 2016 წელს, იტალიის წინააღმდეგ შედგა. ის ცვლილებაზე შევიდა. რამდენიმე თვეში ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა. 2018 წლის ზაფხულში კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა..

დავუბრუნდეთ 2025 წელს. პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი 5:0 გაანადგურეს – ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ფინალი მთელი ტურნირის ისტორიაში, მათ შორის ევროპის თასის ეპოქაშიც. იმ შეხვედრაში დემბელემ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაცვით პრესინგში ისეთივე პასუხისმგებლობით მუშაობდა, როგორც შეტევაში.
ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დემბელეს რენესანსის მთავარ არქიტექტორადაა აღიარებული – სწორედ მან დაუბრუნა ფრანგ შემტევს ადგილი გლობალურ დისკუსიაში „ოქროს ბურთსა“ და სხვა ინდივიდუალურ ჯილდოებზე. ამ პროცესში ესპანელი სპეციალისტი გახდა მხოლოდ მეორე ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ტრიპლეტი 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო. პირველად ეს პეპ გუარდიოლამ გააკეთა..
„მწვრთნელისგან ძალიან დიდი ნდობა მქონდა,“ – უყვება დემბელე FourFourTwo-ს. „მან სეზონის დასაწყისშივე მითხრა, რომ ამ გუნდის ლიდერი უნდა ვყოფილიყავი. მაგალითი უნდა მივცე, როგორც ახალგაზრდებს, ისე ასაკოვან ფეხბურთელებს.“

გასულ სეზონში პარიზელთა მთავარი იარაღი კოლექტიური ძალისხმევა იყო, თუმცა მოედანზე ახალი ლიდერი გოლებშიც უნდა ჩართულიყო – არა მხოლოდ მომენტების შექმნაში ან სხვებისთვის სტანდარტის აწევაში. ყველასგან ელოდნენ სტატისტიკის გაუმჯობესებას, რათა მბაპეს ლა ლიგაში წასვლა გუნდს მაქსიმალურად ნაკლებად დატყობოდა.
„სიმართლე გითხრათ, ეს მეც თავიდანვე ვთქვი – მინდოდა გამეტანა გოლები, გამეკეთებინა საგოლე გადაცემები და გადამწყვეტი ეპიზოდების ავტორი ვყოფილიყავი ჩემს გუნდში,“ – ამბობს დემბელე. „საბოლოოდ, ძალიან კარგი წელი გამოდგა. საოცარი თანაგუნდელებიც მყავდა, რომლებმაც აშკარად აამაღლეს დონე. შესანიშნავი სეზონი გვქონდა, როგორც ყველამ დაინახა, და ძალიან კმაყოფილები ვიყავით.“
საინტერესოა, არის რამე კონკრეტული, რაც ლუის ენრიკემ უთხრა, რამაც თვალები აუხილა – პირადად ან ტაქტიკურად და უმაღლესი მწვერვალის დაპყრობაში დაეხმარა?
„ყველაზე მთავარი, რაც სეზონის დასაწყისში მითხრა, ის იყო, რომ უფრო მაღალი დონეზე ამეყვანა გუნდი და მაგალითი მეჩვენებინა – იმიტომ, რომ მისივე თქმით, იმ ფეხბურთელებს შორის ვიყავი, ვისაც სხვები უყურებენ. ენრიკე მოედანზე სრულ თავისუფლებას მაძლევს. ეს არის ის, რაც მსიამოვნებს.“ – თქვა დემბელემ
ზოგს ჰგონია, რომ მისი ბოლო წლების წარმატება ნაწილობრივ იმ ახლად შეძენილ უნარს უკავშირდება, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში ჰქვია – უფრო ხშირად ცენტრისკენ თამაში და არა მხოლოდ ფლანგზე, სადაც დემბელე თითქმის ყოველთვის იწყებდა, როცა მბაპე პსჟ-ში თამაშობდა, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამას ასე არ აღიქვამს.
ამავე დროს, დემბელე ხაზს უსვამს, რომ მისი პროგრესი „პარკ დე პრენსზე“ მხოლოდ პოზიციურ მოქნილობას არ უკავშირდება – ის ასევე გუნდური ძალის, გონიერების და თანაგუნდელების მზადყოფნის დამსახურებაა.
„ჩემ გარშემო ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები არიან. მწვრთნელის მითითებებით ერთმანეთთან კავშირს მარტივად ვამყარებთ. მაგალითად, ფაბიან რუისი – თუ მე ჩავიწევ, ის ოდნავ მაღლა აიწევს. თუ მარცხნივ ან მარჯვნივ გადავინაცვლებ, ის შესაბამისად მოერგება. ყველაფერი ძალიან დინამიკურია. იგივე ეხება ჰაკიმის, ის ყველგან ჩნდება. ჩვენ ერთმანეთს მუდმივად ვეწყობით.“

უსმანისთვის ამ სტილის არსი მხოლოდ ტაქტიკაში ან მოძრაობაში კი არა, მენტალობაშია: „ფეხბურთი, ძირითადად, გონებაშია! მთავარი სწრაფად ადაპტირების უნარია ახალ კომბინაციებსა და იდეებთან. ძალიან ჭკვიან ფეხბურთელებთან ვთამაშობ, რომლებმაც ეს სტილი და ენრიკეს ხედვა ენთუზიაზმით მიიღეს. მე ყოველთვის ვიცოდი, როგორ მეთამაშა სხვადასხვა პოზიციაზე. კარიერის დასაწყისში, რენში ხშირად „ცხრიანზე“ და „ათიანზე“ ვთამაშობდი. ეს ყველაფერი 4-4-2 სქემაში. ეს როლები თავიდანვე ვიცოდი და ძალიანაც მომწონდა ცენტრში თამაში – იქიდან შეგიძლია მარჯვნივაც წახვიდე, მარცხნივაც ან სიღრმეში.. ეს რენშიც მიყვარდა და დორტმუნდშიც.“ - თქვა დემბელემ
ფრანგი ვარსკვლავი აღიარებს, რომ ბარსელონაში ყველაფერი შეიცვალა – იქ თითქმის სრულად ფლანგზე ათამაშებდნენ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ადაპტირება მაშინაც მალევე შეძლო: „ბარსაში ძირითადად გარემარბის პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ ისიც მომწონდა, ამიტომ გუნდს სწრაფად შევეწყე.“
არსებობს კიდევ ერთი სპეციფიკა, რომელსაც ლუის ენრიკე იყენებს — რაღაც, რაც ზოგ მოთამაშეს უცნაურად ეჩვენება და შესაძლოა მისი დაუნდობელი მოთხოვნებისგან ოდნავაც კი დააშოროს. ეს არის მისი პირდაპირი, ხანდახან ზედმეტად გულწრფელი სტილი და მოთხოვნა, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა მუდმივად იბრძოლოს სასტარტო შემადგენლობისთვის.
„ლუის ენრიკე დიდებული იდეებით გამორჩეული ადამიანია. ის ძალიან გულწრფელია და ჯერჯერობით არასდროს შეშინებია ფეხბურთელისთვის ისეთი რაღაცის თქმა, რაც აუცილებელია. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ გუნდში დიდ კონკურენციას ქმნის. თუ გინდა სასტარტოში თამაში, ეს ვარჯიშზეც უნდა აჩვენო და თამაშშიც.“ - განაცხადა დემბელემ
მიუხედავად ამისა, ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით ვერ მიდის. ეს პსჟ-მ საკუთარ თავზე მაშინ გამოსცადა, როდესაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან 0:3 დამარცხდა.
უსმანმა საკმაოდ უსიამოვნო გზით გაიგო, რომ ლუის ენრიკესთან წითელი ხაზების გადაკვეთა არ შეიძლება.
გასული წლის სექტემბერში, „პარკ დე პრენსზე“ „რენთან“ 3:1 მოგების შემდეგ, დემბელესა და მწვრთნელს შორის უსიამოვნო კონფლიქტი მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ შედეგად ფრანგი ფეხბურთელი მომდევნო მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, პსჟ-მ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი არსენალთან 0:2 წააგო..
პსჟ-მ ჯგუფის პირველ ხუთ მატჩში მხოლოდ ოთხი ქულა მოიპოვა, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, რომ გუნდი თუნდაც საუკეთესო 24 გუნდს შორის ვერ მოხვდებოდა და პლეი-ოფამდე ვერ მიაღწევდა. ლუის ენრიკემ მკაფიოდ გაუსვა ხაზი გუნდური ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას და სწორედ აქედან გამომდინარე განმარტა, რატომ გადაწყვიტა დემბელეს სკამზე დატოვება..
„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც გასულ წელს გავაკეთე დემბელეს არსენალთან სკამზე დატოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა გამაკრიტიკა ამას არ ვნანობ. ყველამ უნდა იცოდეს რა ევალება და რისი უფლება აქვს.“ - თქვა ენრიკემ
დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ დემბელეს ეწყინა, თუ როგორ მიმართა მას მწვრთნელმა გუნდის წინაშე. მოგვიანებით უსმანმა თავის რეაქციას გადამეტებული უწოდა. ცოტა ხანში მან ბოდიშიც მოიხადა. ახლა კი ის ამ ეპიზოდს სხვანაირად უყურებს.
„ლუის ენრიკესთან არასდროს მიკამათია. მან ყველაფერი პირდაპირ მითხრა, მაგრამ ეს არ ყოფილა ისეთი კამათი, როგორც ზოგმა იფიქრა. ვისაუბრეთ, შემდეგ მან თავისი გადაწყვეტილებები მიიღო. ეს არც მე მიმიღია პრობლემად და არც მას. ვისაუბრეთ და დასრულდა. სამწუხაროდ პრესამ ყველაფერი გააბუქა.“

„გუნდის დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ეს უსმანის სიტყვებია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო 2 ტურში 4 გოლი გაიტანა და საბოლოოდ არსენალს ნახევარფინალში დაუპირისპირდა. თავი იქაც გამოიჩინა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა..
„სანამ გოლებზე ან გადამწყვეტ მომენტებზე იფიქრებ, პირველ რიგში გუნდს უნდა დაეხმარო. ეს არის წარმატების გასაღები. არასდროს ვყოფილვარ ის ფეხბურთელი, რომელიც დაცვაში არ ჩადის ან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.."
მწვრთნელმა სეზონის დასაწყისში მითხრა, რომ გუნდს უნდა დავხმარებოდი და მაგალითი მიმეცა. მითხრა, რომ თუ მაგალითი არ ვიქნებოდი, სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დავკარგავდი. ამიტომ ვიცოდი, რომ გუნდი პირველ ადგილზე უნდა დამეყენებინა — და ზუსტად ეს გავაკეთე.“
ბარსელონადან ოქროს ბურთამდე
გუნდური შრომა, საუკეთესო სეზონი კარიერაში, ტიტულები თითქოს ყველა გზა ერთ მიმართულებას მიუთითებს. მაგრამ რას ფიქრობს თავად უსმანი ოქროს ბურთზე? რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის? პასუხი ნათელია:
„ინდივიდუალური ჯილდოებიდან ფეხბურთელისთვის ოქროს ბურთზე უკეთესი ეს ფეხბურთის წმინდა გრაალია. როცა ყველა იმ ლეგენდას უყურებ, რომლებმაც ეს ჯილდო მოიგეს, საოცარი გრძნობა გეუფლება..“

მიუნხენში გამართული ფინალი ისტორიაში შევიდა, რადგან პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის და სუპერთასის მოგების შემდეგ, თანაც 35 გოლთან 16 საგოლე პასის დამატებით, დემბელე კარგად აცნობიერებს, რომ ასეთი აღიარება შემთხვევითობა არ არის:
„ასეთი სეზონის შემდეგ, ოთხი ტიტული, გოლები, საგოლე პასები — ნორმალურია, რომ ოქროს ბურთი მოიგო.“
ფრანგმა სუპერვარსკვლავმა დორტმუნდის პერიოდიც გაიხსენა და აღიარა, რომ 19 წლის ასაკში რენიდან გერმანიაში გადაბარგება მისთვის რთული აღმოჩნდა:
„რა თქმა უნდა, ასეთ ადრეულ ასაკში საკუთარი ქვეყნის დატოვება რთულია, მაგრამ დორტმუნდში ისე მიმიღეს, როგორც ნამდვილი ოჯახის წევრი. მყავდა უფროსი ძმაც ობამეიანგის სახით, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა.“

დორტმუნდში წარმატებულმა თამაშმა უსმანი ბარსელონაში ყველა იმ ამბიციით მიიყვანა, რომელიც 20 წლის ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იქ გატარებული ცუდი პერიოდისა, დემბელე მაინც დადებითად იხსენებს:
„20 წლის ასაკში შედიხარ ისეთ გასახდელში, სადაც ის ვარსკვლავები დამხვდნენ, რომლებთან თამაშზეც ვოცნებობდი."
შემდეგ იყო ადაპტაცია. პირველ სამ–ოთხ წელიწადში ტრავმებმა დამტანჯა. ძალიან მიჭრდა, მაგრამ იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარდა და ვიყავი ჩემი ოცნების კლუბში, ‘ბარსელონაში’. ადვილი არ იყო, მაგრამ სამი–ოთხი წლის შემდეგ ყველაფერი გაცილებით უკეთესობისკენ შეიცვალა..
საუბრის საპირისპიროდ, რომელსაც ძირითადად კლუბთან დაახლოებული მედია აძლიერებდა, დემბელეს თანაგუნდელები ყოველთვის სცემდნენ პატივს. ბევრი მათგანი გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ის პსჟ-ში გაყიდეს. გუნდელებისთვის ის მუდამ გარკვეულწილად ამოუხსნელი ფიგურა იყო, მაგრამ ისინი აფასებდნენ მის იუმორს და იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, ის უბრალოდ კარგი ადამიანი იყო.

„ბარსელონაში ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღესაც ხშირი კონტაქტი მაქვს. ეს დრო ჩემთვის გამორჩეული იყო და ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ იქ ბევრი რამ ვისწავლე.“ - განაცხადა დემბელემ
ვინც უსმანს ახლოდან იცნობს და ასეთები საკმაოდ ცოტა არიან, ამბობენ, რომ ყველაზე მეტად მასზე გავლენა 2021 წელს ქორწინებამ იქონია. ერთი წლის შემდეგ კი ფრანგ ფეხბურთელს შვილი შეეძინა. ქორწილი ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის მისი თანაგუნდელებისთვისაც, რომლებმაც ისი კი არ იცოდნენ, რომ უსმანს პარტნიორი ჰყავდა.
დემბელემ გააცნობიერა, რომ ახლა უკვე ოჯახის კაცი იყო, პასუხისმგებლობებით. ბარსელონაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ნამდვილად გაიზარდა. სახლში ფიზიოთერაპევტთან მუშაობდა. საფრანგეთში სპეციალური პრევენციული თერაპიებისთვის მიემგზავრებოდა. მამის თვალითა და გონებით, ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა.
ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს ბურგერები ძალიან უყვარს და ამის ფონზე მან ბოლო წლებში სწორი კვება დაიწყო. უკანასკნელი რამდენიმე სეზონია ის ფრანგ დიეტოლოგთან მუშაობს, რომელმაც ცხოვრების უფრო ჯანსაღ რიტმზე გადასვლაში დაეხმარა.
„გავიაზრე, რომ სწორი კვება და რეჟიმი დამეხმარებოდა. ამ ყველაფერმა ის შედეგი მომცა, რასაც პარი სენ ჟერმენში მივაღწიე. ბედნიერი ვარ. ახლა ჩემს სხეულს სრულყოფილად ვიცნობ. ვიცი რა სიჩქარით უნდა გავიქცე და როდის არ უნდა ავჩქარდე. თუ მეუბნებიან, რომ 30 კმ/სთ-ზე სწრაფად არ გავიქცე, ვუჯერებ. იცი როდის ვარ დაღლილი, როდის არ უნდა ვივარჯიშო, როდის უნდა ვივარჯიშო და როდის უნდა გავძლიერდე. უკვე სამი-ოთხი წელია, ჩემს სხეულს ზეპირად ვიცნობ.“

უამრავი ფეხბურთელია ისეთი, რომლებიც ორივე ფეხს წარმატებით ხმარობენ, მაგრამ უსმანს ეს ნიჭი ბუნებრივად აქვს. თავად დემბელეც კი ვერ ხსნის რატომ ხდება ასე..
„ბავშვობიდან ყოველთვის მერჩივნა ბურთით წინ წასვლა მარცხენა ფეხით, მაგრამ დარტყმა — მარჯვენათი. ვიცი, უცნაურია, მაგრამ ასეა.“
ლივერპულმა ეს საკუთარ თავზე იწვნია ჩემპიონთა ლიგის პენალტების სერიაში. უსმანს თითქოს პენალტი მარცხენა ფეხით უნდა დაერტყა, თუმცა ბოლო წამს გადაიფიქრა და მარჯვენათი დაარტყა.
საბოლოო ჯამში დემბელე მაინც თვლის, რომ მარჯვენა ფეხით უკეთესად ურტყამს, ვიდრე მარცხენათი.
რეალურად, უსმან დემბელე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა დონეზე შეიძლება ავიდეს ფეხბურთელი სწორი მიდგომებით.. ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ სძულდათ ის ბარსელონას გულშემატკივრების უმეტესობას..
ერთხელ დემბელეს ჰკითხეს, ფეხბურთი მისთვის გატაცებაა თუ სამსახური? რაზეც მან უპასუხა: „ორივე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით ბავშვობაში, ეს გატაცება იყო.“..