მენდესი: ისლამი VS ილია N1 ჩხუბია UFC-ში
ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციური ჩხუბი აქტუალურობას არ კარგავს და კვლავინდებურად განხილვის თემაა.
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელი, ხავიერ მენდესი მიიჩნევს, რომ ეს ბრძოლა ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა, რომლის დაორგანიზებაც პრომოუშენს შეუძლია.
„ვფიქრობ, ყველა ფანს უნდა ამ ჩხუბის ნახვა. ეს N1 ჩხუბია UFC-ში. მსგავსი იქნებოდა ჯონ ჯონსი ტომ ასპინალის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა, თუ ისლამი მოიგებს, N1 ბრძოლა თოფურია VS მახაჩევი იქნება. მომწონს, რასაც თოფურია აკეთებს. ის კარგად ასრულებს იმ ამოცანას, რომ ხალხში ამ ბრძოლის ნახვის სურვილი გამოიწვიოს. მე მომწონს ყველაფერი, რასაც ის, როგორც მებრძოლი აკეთებს. ილია ძლიერია. ისლამის პირველი მიზანი მემკვიდრეობისთვის ბრძოლაა. მას ტიტული სჭირდება ქვესაშუალო წონაში. თუ ის ჯეკ დელა მადალენას მოუგებს, შეიძლება ისევ მსუბუქ წონაში დაბრუნდეს ან ილია ავიდეს ქვესაშუალო დივიზიონში.“, - თქვა მენდესმა.
ცნობისათვის, ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებას დიდი ხანია ითხოვს და სულ ბოლოს ქართველმა „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ მზადაა ქვესაშუალო წონაშიც ავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ისლამი ჯეკ დელა მადალენას მოუგებს.
გეტყვით ასევე, რომ „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.