მახაჩევის მწვთნელი: ქვესაშუალო წონაში გადასვლა თოფურიას გამოჩენამდე იგეგმებოდა
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა დაღესტნელი მებრძოლის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა, რომელმაც დივიზიონი შეიცვალა და ქვესაშუალო წონაში გადავიდა.
მენდესის მტკიცებით, მახაჩევი ამას ილია თოფურიას გამოჩენამდე გეგმავდა.
„ისლამმა თქვა: მინდა ტიტული ყველაზე მეტჯერ დავიცვა. ამის შემდეგ შესაძლებლობა თუ მომეცემა, მინდა ქვესაშუალო წონის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. ასე რომ, ეს გეგმაში იყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თოფურია ვინმე ცნობილი გახდებოდა“, - თქვა მენდესმა Submission Radio-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა.
ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა. მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.
გეტყვით ასევე, რომ მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. მათი ორთაბრძოლა საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.