„ისლამს ქვესაშუალოში ასვლა არ უნდოდა, ეს ამიტომ გააკეთა“ | რას ამბობს უმარი თოფურიაზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც, მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში გადავიდა.
„UFC-ის მატჩმეიკერი, ჰანტერ კემპბელი დაღესტანში იყო ჩამოსული და ისლამ მახაჩევს შეხვდა. კემპბელი ძალიან დაკავებული ადამიანია და კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლის ორგანიზატორი გახლდათ. როგორც გავიგე, ის მასშტაბური ჩხუბების დიდი ქომაგია.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ UFC-ს უნდოდა, ისლამი ქვესაშუალო წონაში ასულიყო. მათი მიზანი იყო, თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონი გამხდარიყო. ისლამი მაღლა იმიტომ კი არ ავიდა, რომ ასვლა უნდოდა, ეს გააკეთა, რადგან UFC-ს სურდა, თოფურია ჩემპიონი გამხდარიყო. ისინი ფიქრობენ, რომ ილია ჩხუბებს გაყიდის“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია მზად იყო, მახაჩევთან ეჩხუბა, მაგრამ ისლამის გადასვლის შემდეგ, ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლებს. „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და მათი ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.