დონარუმა პარი სენ-ჟერმენს ტოვებს? | ბოლო ცნობები იტალიელ მეკარეზე
ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს. იტალიელი მეკარის საკუთარ რიგებში ხილვით „გალათასარაი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და რამდენიმე საუდის არაბული კლუბია დაინტერესებული.
ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დონარუმასა და პსჟ-ს შორის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. დონარუმა შვებულებაში იმყოფება და როგორც კი პარიზში დაბრუნდება, კლუბის ხელმძღვანელებს დაელაპარაკება. სავარაუდოდ, ეს ამ კვირაში მოხდება.
დი მარციოს ცნობით, დონარუმას პრიორიტეტი „პარკ დე პრენსზე“ დარჩენაა, თუმცა „ჯიჯი“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, „პარი სენ-ჟერმენი“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს თუ არა.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, პსჟ დონარუმას გარშემო მიმდინარე მოვლენებს სიფრთხილით ეკიდება და თადარიგს იჭერს. მათ „ჯიჯის“ შემცვლელი უკვე შეარჩიეს და „ლილის“ მეკარეს, ლუკას შევალიეს უმიზნებენ. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და საბოლოო შეთანხმება დაახლოებით 40 მილიონი ევროს ოდენობისაა.