მისი კანდიდატურა შესთავაზეს | დავითაშვილი სერია A-ს კლუბს დაუკავშირეს
„სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი, სერია A-ს კლუბს დაუკავშირეს. ერთ-ერთმა უძველესმა იტალიურმა გაზეთმა, Il Resto del Carlino-მ, დავითაშვილსა და „ბოლონიაზე“ დაწერა და უახლესი ინფორმაცია გაგვიზიარა.
„როსობლუ“ და „ნაპოლი“ დენ ნდოიეს თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „პარტენოპეი“ მაქსიმუმს აკეთებს, რათა შვეიცარიელი შემტევი გაიფორმოს, და Il Resto del Carlino-ს მიხედვით, „ბოლონიამ“ იმ ფეხბურთელების კანდიდატურები განიხილა, რომლებსაც ნდოიეს ჩანაცვლება შეუძლიათ.
იტალიური გაზეთის მიხედვით, ერთ-ერთი, ვინც „როსობლუს“ სიაში მოხვდა, დავითაშვილია. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის ვარიანტი „ბოლონიას“ ზურიკოს აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, შესთავაზა. იტალიური კლუბის საბოლოო პოზიცია უცნობია, თუმცა Il Resto del Carlino იუწყება, რომ ბევრი რამ ნდოიეს მომავალზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. „მწვანეებს“ მისი გაშვება არ სურთ და ზურიკოს სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვენ. Transfermarkt-ზე 24 წლის შემტევის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.