Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

დეტროიტი - ატლანტა 104 - 98

 

დღევანდელი ტური დეტროიტში გაიხსნა, სადაც „პისტონსმა" ყოველგვარი პრობლემების გარაშე დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციის აუთსაიდერი - „ატლანტა ჰოუქსი".

„დეტროიტმა“ უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა და შეხვედრის ბოლო მეოთხედს 21 ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ჯორჯიელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მეოთხე მეოთხედში სცადეს და აღნიშნული პერიოდი 15 ქულიანი სხვაობით მოიგეს.  თუმცა „პისტონსმა“ იშ სმიტის მეთაურობით მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და მატჩი 6 ქულიანი სხვაობით მოიგო.

დეტროიტელთა რიგებში ერთბაშად 7 მოთამაშე გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, 42-ე ორმაგი დუბლი მიითვალა ანდრე დრამონდმა - 13 ქულა, 15 მოხსნა. სამმაგ დუბლამდე 1 გადაცემა დააკლდა ბლეიკ გრიფინს - 13 ქულა, 12 მოხსნა 9 პასი.

შროდერისა და ბეიზმორის არყოფნაში „ატლანტას“ ტაურონ პრინცმა ულიდერა 14 ქულით, ჯორჯიელების ახალწვეულმა ენდრიუ ვაითმა თავის დებიუტში კი 15 ქულას მოუყარა თავი.

 

28 მოგებითა და 29 მარცხით დეტროიტელები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფებიან და საპლეიოფო საგზურამდე 2 მოგება აშორებთ.

 

 

ფილადელფია - მაიამი 104 – 102

 

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ფილადელფიაში, სადაც ჯოელ ემბიდის გარაშე მოთამაშე „სევენთი სიქსერსმა“ 24 ქულიანი სხვაობა გააბათილა და შეხვედრა 2 ქულიანი უპირატესობით  მოიგო.

ბენ სიმონსმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 12 მოხსნა 10 გადაცემა,  „სიქსერსის“ რიგებში დებიუტი 17 ქულით აღნიშნა მარკო ბელინელიმ.

ფლორიდელთა მხრიდან ჯეიმს ჯონსონი გამოირჩა, რომელმაც სათადარიგო სკამიდან 22 ქულა შესძინა გუნდს, რიგით 23-ე ორმაგი დუბლი მიითვალა ჰასან ვაითსაიდმა - 16 ქულა, 10 მოხსნა.

ამ გამარჯვებით „ფილადელფიამ“ 30 მოგება დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ნიუ იორკი - ვაშინგტონი 113 – 118

 

საოცარი მატჩი ვიხილეთ ნიუ იორკში, სადაც პირველი ნახევრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „ნიქსი“ 27 ქულის სხვაობით ამარცხებდა „ვაშინგტონს“. თუმცა „ვიზარდებმა“ შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ შეხვედრა 5 ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

„ვაშინგტონს“ ჯონ ვოლის არყოფნაში ბრედლი ბილმა ულიდერა, რომელმაც 42 წუთი გაატარა მოედანზე და 36 ქულას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლამდე 1 ქულა დააკლდა ტომაშ ზატორანსკის - 9 ქულა, 11 გადაცემა.

„ნიუ იორკის“ რიგებში ტიმ ჰარდევეი გამოირჩა 37 ქულით, ორმაგი დუბლი მიითვალეს ენეს კანტერმა და მაიკლ ბიზლიმ.

„ვაშინგტონი“ 33 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. 

 

 

ბოსტონი - კლიპერსი 119 – 129

 

ზედიზედ მესამე მატჩი წააგო „ბოსტონმა“, რომელიც ამჯერად საკუთარ მოედანზე 10 ქულიანი სხვაობით „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ დამარცხდა.

„კელტების“ რიგებში 33 ქულა მოაგროვა კაირი ირვინგმა, ორმაგი დუბლი მიითვალა სათადარიგო სკამიდან მარკუს მორისმა - 13 ქულა, 11 მოხსნა.

„კლიპერსმა“ საკმაოდ დამაჯერებლად იმარჯვა ბოსტონში, ლოს ანჯელესელებმა პირველი მეოთხედი 9 ქულიანი უპირატესობით მოიგეს და კომფორტული სხვაობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს.

მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა დეანდრე ჯორდანმა - 30 ქულა, 13 მოხსნა. ტრადიციულად კარგად ჩაერთო სათადარიგო სკამიდან ლუ ვილიამსი - 19 ქულა, 6 გადაცემა.

30 მოგებითა და 26 მარცხით „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

 

იუტა - ფინიქსი 107 – 97

 

ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო „იუტა ჯაზმა“, რომელმაც ამჯერად აუთსაიდერი „ფინიქს სანსი“ საკუთარ კედლებში 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„ჯაზმენებს“ ტრადიციულად დონოვან მიჩელმა ულიდერა 24 ქულით.  მე-16 ორმაგი დუბლი მიითვალა რუდი გობერმა - 14 ქულა, 17 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთო ჯაე კრაუდერი, რომელმაც 15 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

„ფინიქსის“ რიგებში ტრამვისგან დაბრუნებული დევინ ბუკერი გამოირჩა 28 ქულით, სათადარიგო სკამიდან 22 ქულა შესძინა გუნდს ჯოშ ჯექსონმა.

30 მოგებითა და 28 მარცხით „ჯაზმენები“ დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

 

 

ნიუ ორლეანი - ლოს ანჯელეს ლეიკერსი139 – 117

 

ენტონი დევისმა და „ნიუ ორლეან პელიკანსმა“ საკუთარ კედლებში „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 22 ქულიანი სხვაობით გაანადგურა.

„პელიკანსის“ რიგებში ტრადიციულად საოცარი მატჩი ჩაატარა ენტონი დევისმა, „ნიუ ორლეანის“ ცენტრმა 42 ქულას და 15 მოხსნას მოუყარა თავი. სათადარიგო სკამიდან კარგად ჩაერთვნენ დარიუს მილერი და ნიკოლა მიროტიჩი, გამთამაშებელმა 19 ქულა მიითვალა, ესპანელმა კი 17 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

„ლეიკერს“ ინგრამის, რენდლისა და კუზმას დუეტმა ულიდერა, გუნდის 117 ქულიდან 64 მათ ანგარიშზეა, 15 ქულა მიითვალა ჯოშ ჰარტმა.

31 გამარჯვებითა და 26 მარცხით „ნიუ ორლეანი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

მემფისი - ოკლაჰომა  114 – 121

 

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა „მემფისში“, სადაც ადგილობრივმა „გრიზლიმ“ ვერაფერი გააწყო „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ და 7 ქულიანი სხვაობით დამარცხდა

„მემფისის“ რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა ენდრიუ ჰერისონმა, რომელმაც 5-დან 5 სამქულიანი მოათავსა კალათში და 28 ქულას მოუყარა თავი, სათადარიგო სკამიდან 23 ქულა შესძინა გუნდს ტაირიკ ევანსმა.

„ოკლაჰომას“ მხრიდან რასელ ვესტბრუკი გამოირჩა მორიგი სამმაგი დუბლით - 23 ქულა, 15 გადაცემა, 13 მოხსნა. 28 ქულა შესძინა გუნდს საოცარი ფორმაში მყოფმა პოლ ჯორჯმა, კარმელო ენტონი კი მხოლოდ 19 ქულას დასჯერდა.

33 მოგებითა და 26 მარცხით „თანდერი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

 

ჰიუსტონი - საკრამენტო 100 – 91

 

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ჰიუსტონ როკეტსმა“, ტეხასელებმა საკუთარ პარკეტზე დასავლეთ კონფერენციის აუთსაიდერი, „საკრამენტო კინგსი“ დაამარცხეს.

„ჰიუსტონის“ სასტარტო ხუთეულის ყველა მოთამაშე გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, ჯეიმს ჰარდენმა კი 28 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 9 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. რიგით 30-ე ორმაგი დუბლი მიითვალა კლინტ კაპელამ - 13 ქულა, 11 მოხსნა.

„საკრამენტოს“ მხრიდან ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოირჩა 20 ქულით, სათდარიგო სკამიდან  13 ქულა შესძინა გუნდს გარეთ ტემპლმა.

 

ამ გამარჯვების შემდეგ „ჰიუსტონს“ 44 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

 

პორტლენდი - გოლდენ სტეიტი  123 – 117

 

დღევანდელი ტურის დასკვნითი მატჩი პორტლენდში გაიმართა, სადაც „ტრეილ ბლეიზერსმა“ მოქმედ ჩემპიონს - „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ დემიენ ლილარდისა და სი ჯეი მაკკალუმის „პორტლენდის“ 6 ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

„მეომრების“ რიგებში პირველი 50 ქულიანი შეხვედრა ჩაატარა კევინ დურანტმა, ორმაგი დუბლი მიითვალა დრეიმონდ გრინმა -  16 ქულა, 12 მოხსნა.

„პორტლენდს“ ტრადიციულად უკანახაზელთა დუეტმა ულიდერა, გამორჩეული მატჩი ჩაატარა დემიენ ლილარდმა, 27 წლის გამთამაშებელმა 44 ქულასთან ერთად 8 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა იუსუფ ნურკიჩმა 17 ქულა 13 მოხსნა, სი ჯეი მაკკალუმმა კი გუნდს 29 ქულა შესძინა.

44 მოგებითა და 14 მარცხით სტივ კერის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

 

სხვა შეხვედრების შედეგები:

ბრუკლინი - ინდიანა 103 – 108

ჩიკაგო - ტორონტო 98 – 122

ორლანდო - შარლოტა 102 – 104

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები