“ბავშვობაში მაცივარიც კი არ მქონდა“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
დვალიშვილი:
„მე ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს განსაკუთრებული დღე იყო. ნიუ-იორკთან ახლოს ვჩხუბობდით. პროფესიონალური კარიერა აქ დავიწყე. პირველი ნაბიჯები აქ, შეერთებულ შტატებში გადავდგი. ბევრი წლის წინ ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ქამრისთვის ვჩხუბობდი. მისტერ პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც აქ იყო. ასევე ჩემი ქართველი ხალხიც აქ იყო, ემიგრანტებიც.. ყველას მადლობელი ვარ.
ბევრ რამეში უკეთესი ვარ. ბრძოლის დროს მხოლოდ ერთ რამეზე ფოკუსირებული არ ვარ. მოსამზადებელ ბანაკში საბრძოლო გეგმა რამდენჯერმე შეიცვალა. ვიცოდი, რომ ო’მალი თეიქ დაუნებისთვის მზად იქნებოდა და სტრაიკინგს მივმართე. დღეს ვრისკავდი და უფრო გახსნილად ვჩხუბობდი. საბოლოოდ, საბრძოლო გეგმა იყო ასეთი: როგორც წავა ჩხუბი, ისე გავყვები. ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
ნება მომეცით, ერთი რაღაც ვთქვა. მოსამზადებელ პერიოდში სტერლინგი ძალიან დამეხმარა. მას სპარინგი დიდად არ უყვარს, მაგრამ კვირაში სამჯერ ვსპარინგობდით. იცით? ის ო’მალიზე ორჯერ უკეთესი იყო. მისი მადლიერი ვარ და დღეს ვუთხარი, რომ ჩემი ბონუსი უნდა გავუყო. წინა ბრძოლასთან შედარებით, დღეს შონი უკეთესი იყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ჩემი მოძრაობები წინასწარ იცოდა.
კორი სენთჰეგენი დიდებული მებრძოლია, ის ყოველთვის ტოპ მებრძოლების წინააღმდეგ გამოდის. მას სუპერ ტალანტი აქვს და დიდ პატივს ვცემ. ის ბევრად მეტს იმსახურებს. თუ UFC-ის ენდომება მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებ. 2-კვირიან შვებულებას ვიღებ და 1 კვირით საქართველოში ნინა დრამასთან ერთად ჩამოვალ. შემდეგ აზერბაიჯანში ჩავალ და ბოლოს თოფურიას საგულშემატკივროდ წავალ.
ერთ დროს მეშინოდა, რომ UFC გამაძევებდა, რადგან პირველი ორი ბრძოლა წავაგე. ახლა კი ამ ყველაფრის ძალიან მადლიერი ვარ. რეგულარულად ვჩხუბობ, პატარა ქვეყნიდან ჩამოვედი და ჩემს მიზნებს მივაღწიე. ახლა ისტორიას ვწერ. ყველას შრომას პატივს ვცემ, თქვენს გარეშე ჩვენ უბრალოდ მებრძოლები ვართ. ახლა ჩემპიონი ვარ და მინდა სულ დაკავებული ვიყო. მიყვარს ჩხუბი და მადლიერი ვარ.
შემდეგი მოწინააღმდეგე? პიტერ იანგზე ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცი. რამდენიმე მებრძოლმა ეს დაიმსახურა, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ამას UFC წყვეტს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ნიუ-იორკში ბრძოლა სასიამოვნო იქნება. ნიუ-ჯერსიშიც კარგი იყო, მაგრამ მე ნებისმიერ ადგილზე ვიჩხუბებ, ბნელ ოთახშიც კი.
ახლა ჩემს ქვეყანაში ღვიძავთ და ჩემს ბრძოლას უყურებდნენ. ისინი ძალიან ბედნიერები არიან. ვფიქრობ, ისინი აეროპორტშიც დამხვდებიან. ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი მომენტია. როცა პატარა ვიყავი, მინდოდა ათლეტი ვყოფილიყავი. გაჭირვებაში გავიზარდე, ტელევიზორიც არ მქონდა, არც შუქი იყო. ომი მძვინვარებდა. მაცივარიც კი არ მქონდა, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან შუქი გამუდმებით მიდიოდა. ახლა კი ყველაზე ბედნიერი ვარ. ეს ყველა პატარა ქვეყნისთვის მოტივაცია უნდა იყოს. ჩემთვის უსაზღვრო მოტივაციაა წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას."
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ მოახერხა.