ერთა ლიგის მეორე ტიტული პორტუგალიას | სელესაომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა
უეფა-ს ერთა ლიგის ფინალი პორტუგალიის ტრიუმფით დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში, „სელესაო“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და კრიშტიანუ რონალდუმ და კომპანიამ ერთა ლიგა მეორედ მოიგეს. ამჯერად, მათ სასურველ შედეგს პენალტების სერიაში მიაღწიეს.
მატჩი ესპანეთის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და „ფურია როხა“ 21-ე წუთზე, მარტინ სუბიმენდიმ დააწინაურა. პორტუგალიამ წონასწორობა მალევე აღადგინა. 26-ე წუთზე, ნუნუ მენდეშმა გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა.
ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებმა საწყისი 45 წუთი მაინც მოიგეს. 45-ე წუთზე, თავი მიკელ ოიარსაბალმა გამოიჩინა - 2:1. 61-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუს ჯერი დადგა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საჯარიმოში ორთაბრძოლა მოიგო და უნაი სიმონის კარი აიღო.
ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პორტუგალიელთა მხრიდან პენალტები გონსალუ რამუშმა, ვიტინიამ, ბრუნო ფერნანდეშმა, ნუნუ მენდეშმა და რუბენ ნევეშმა გაიტანეს. ესპანელთა მხრიდან ერთადერთი პენალტი ალვარო მორატამ გააფუჭა და პორტუგალიამ საფეხბურთო ლატარია 5:3 მოიგო.