მამარდას დებიუტი - ლივერპულმა პრესეზონი გამარჯვებით დაიწყო
„ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური შეხვედრაც გამართა. არნე სლოტის გუნდი სტუმრად ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდ „პრესტონს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა. მამარდაშვილს პრაქტიკულად საქმეც არ ჰქონია. მასპინძლებმა მისი კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყეს და სამივე დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. არნე სლოტმა ქართველი მეკარე პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, შესვენებაზე შეცვალა; მისი თამაში კი Flashscore-ზე 6.3 ქულით შეფასდა, Sofascore-ზე კი 6.5 ქულით.
დიოგუ ჟოტას ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, „ლივერპულისთვის“ ეს პირველი მატჩი იყო, რის გამოც შეხვედრა მისი ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. მანამდე, „პრესტონის“ სტადიონზე მერსისაიდული გუნდის ცნობილი სიმღერა - You’ll Never Walk Alone შესრულდა, მასპინძელი გუნდის კაპიტანმა კი „ლივერპულის“ ფანებთან სპეციალური გვირგვინი მიიტანა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „ლივერპულმა“ ანგარიში 33-ე წუთზე, კონორ ბრედლის გოლით გახსნა, 53-ე წუთზე კი დარვინ ნუნიესმა „პრესტონის“ კარში მეორე გოლი გაიტანა. მასპინძლებმა 83-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს, საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე კოდი გაკპომ დააფიქსირა.
ამ შეხვედრის შემდეგ „ლივერპული“ აზიურ ტურნეში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 26 ივლისს არნე სლოტის გუნდი ჰონგ-კონგში „მილანს“ შეხვდება, 30 ივლისს კი იოკოჰამაში „იოკოჰამა მარინოსს“ დაუპირისპირდება. ამის შემდეგ „ლივერპული“ ინგლისში დაბრუნდება და 4 აგვისტოს „ენფილდზე“ „ატლეტიკ ბილბაოსთან“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 10 აგვისტოს მერსისაიდელები „ქომუნითი შილდის“ მატჩში „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან, 15 აგვისტოს კი პრემიერლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ბორნმუთს“ მიიღებენ.