რაშფორდის უარი არაბებს - ინგლისელი ბარსაზე ოცნებობს
„ასტონ ვილაში“ საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მარკუს რაშფორდი „მანჩესტერში“ დაბრუნდა, თუმცა უკვე ყველა კარგად ხვდება, რომ 27 წლის ფორვარდი „იუნაიტედში“ აღარ დარჩება და შესაბამისად, მისი მომავლის შესახებ ბრიტანულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა ამჯერად „მანიუს“ ყოფილ ათიანზე უკვე კატალონიურმა გამოცემამაც დაწერა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მარკუსის დამატების ყველაზე რეალური კანდიდატი „ბარსელონაა“.
Mundo Deportivo-ს ერთ-ერთმა გავლენიანმა ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთმა კლუბმა რაშფორდს მის რიგებში გადასვლის სანაცვლოდ ყოველწლიური ხელფასის სახით 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მარკუსისგან კატეგორიული უარი მიიღეს, რადგან როგორც მისი აგენტი აცხადებს, ინგლისელის გეგმებში საუდის არაბეთის ჩემპიონატში ასპარეზობა არ ჯდება. მისი სურვილი მხოლოდ „ბარსაში“ კარიერის გაგრძელებაა და „ბლაუგრანა“ „იუნაიტედს“ ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარით აყვანას სთავაზობს, რომლის ამოწურვის შემდეგაც ტრანსფერს 40 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მარკუს რაშფორდმა გასული სეზონი იჯარის წესით ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაატარა და 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.