სერბი ფორვარდი და პორტუგალიელი მცველი | „ტორპედოს“ კიდევ ორი ახალწვეული ჰყავს
ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც რამდენიმე დღეში კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ყაზახურ „ორდაბასის“ შეხვდება, კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა.
რიკარდო ჟორჟე სილვა არაუჟო, იგივე ჟორჟინიო, 27 წლისაა. ის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და ბოლოს პრაღის „დუკლას“ ღირსებას იცავდა. მასსა და ქუთაისურ კლუბს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
„ჟორჟინიო ლისაბონის „ბენფიკას“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა. 2020 წელს პორტუგალიური „ფამალიკაოს“ მაისური მოირგო, რის შემდეგაც კოვილიანის „სპორტინგში“ გადავიდა. 2023 წლის სეზონი ჟორჟინიომ ფინურ „ილვესში“ გაატარა, სადაც გუნდთან ერთად თასის გამარჯვებული გახდა“, - აღნიშნულია „ტორპედოს“ განცხადებაში.
ქუთაისელთა კიდევ ერთი ახალწვეული 30 წლის გამოცდილი სერბი თავდამსხმელი კომნენ ანდრიჩია.
„ანდრიჩი კარიერას სერბულ „რადნიჩკიში“ იწყებდა. 2016 წელს პორტუგალიურ „ბელენენსესში“ გადავიდა. 3 წლის შემდეგ „დინამო ზაგრების“ მაისური მოირგო, სამჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი, ერთხელ კი - თასის მფლობელი. 2022 წელს კომნენი საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელ „კლერმონში“ გადავიდა და ამ გუნდის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც კარიერა ისევ ხორვატიაში, კერძოდ „რიეკაში“ გააგრძელა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ტორპედოს“ სერბი ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით სწორედ „რიეკადან“ შეუერთდა. იჯარის დასრულების შემდეგ კი ის 2 წლით „ტორპედოს“ სრულფასოვანი წევრი იქნება.
ცნობისთვის, „ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ პირველი მატჩი ქუთაისში, 10 ივლისს, 20:00 საათზე „შენგელია არენაზე“ გაიმართება.