ლივერპულის უარი ბაიერნს - ლუის დიასი არ იყიდება
მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლივერპულს“ ლუის დიასთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა მერსისაიდელებისგან მტკიცე უარი მიიღო. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა კოლუმბიელი გარემარბის საკითხზე „წითლებს“ მიმართა, თუმცა „ლივერპულის“ ოფიციალური პოზიცია ასეთია: ლუის დიასი არ იყიდება.
Sky Sports-ის ცნობით, მანამდე ასეთივე პასუხი დიასთან დაკავშირებით „ბარსელონამ“ მიიღო, რომელიც ასევე დაინტერესებულია კოლუმბიელი შემტევის დამატებით. „წითლების“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ უახლოეს წლებში დიასი არნე სლოტის გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
აქვე გეტყვით, რომ დიასმა გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გაიფორმა. „ლივერპულმა“ კოლუმბიელი 2022 წლის იანვარში „პორტუდან“ 49 მილიონ გირვანქად შეიძინა.
დიასის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი და მას არაერთხელ უთქვამს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე „ენფილდის“ დატოვებას არ აპირებს.