„მერაბთან ჩხუბზე არ ვფიქრობ, მაგრამ კარგად მოვემზადებოდი“ - პანტოჟა
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალეშანდრე პანტოჟამ კაი კარა-ფრანსთან ჩხუბის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა სუპერმსუბუქ წონაში ასვლას და მერაბ დვალიშვილთან პოტენციურ ჩხუბს ეხებოდა.
ალეშანდრე პანტოჟა:
„შესაძლოა, პატარა წონების მებრძოლებისთვის BMF-ის ქამარი უნდა გაკეთდეს. მერაბს დიდ პატივს ვცემ. როდესაც ომალიმ თქვა, რომ მერაბთან ჩხუბის წინ მოწევას დაანება თავი - ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მერაბი მებრძოლია, ვერ გააჩერებ - ისევე როგორც მე. ომალი მას ვერასოდეს დაამარცხებს.
საუკეთესოებთან ჩხუბი მსურს და თუ მერაბთან ჩხუბის შესაძლებლობა მექნება, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი, თუმცა ამისკენ არ ვისწრაფვი. მე ჩემს წონით დივიზიონში ვარ და ბევრი საინტერესო მებრძოლი მოდის. ჯოშუა ვანი დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა - ბრუნო სილვასთან მას ძალიან კარგი ჩხუბი ჰქონდა. შესაძლოა ის შემდეგი პრეტენდენტი იყოს.
წაგებული ბრძოლებიდან ბევრს ვსწავლობ და ამის ხარჯზე დღეს უფრო ძლიერი მებრძოლი ვარ. თუ მერაბი თეიქდაუნის გაკეთებას შეეცდება, მე ჩემს გრეპლინგს გამოვიყენებ. ძალიან კარგი ჯიუ-ჯიცუ მაქვს, American Top Team-ში სუპერმსუბუქი წონის კარგი მებრძოლები გვყავს და მერაბთან ჩხუბისთვის კარგად მოვემზადებოდი. თუმცა, მასთან საჩხუბრად წონა უნდა მოვიმატო, ამიტომ ამაზე ახლა არ ვფიქრობ. ჩემი დივიზიონი ყველაზე სანახაობრივია, აქ ყველაზე ძლიერი კარდიოა საჭირო, ყველამხრივ განვითარებული მებრძოლი უნდა იყო“.
ცნობისთვის, UFC 317-ზე პანტოჟა კაი კარა-ფრანსს დაუპირისპირდება. ეს ბრაზილიელი „კანიბალისთვის“ ტიტულის მეოთხე დაცვა იქნება.