ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერ ლიგაში უნდა გადავიდნენ - ჩაკვეტაძე NY Times-ის ყურადღების ცენტრში
გავლენიანი ამერიკული გამოცემა, New York Times-ის სპორტული პლატფორმა, The Athletic-ის ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრების და ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბ „უოტფორდის“ ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე მოექცა.
NY Times-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზადაა და ინგლისურმა კლუბებმა ქართველის მიმართ უფრო დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
რა წერია სტატიაში:
ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც ფლანგზე თამაშიც შეუძლია, ევრო 2024-ზე საქართველოსთვის ისტორიულ ტურნირზე ითამაშა. ის როგორც „უოტფორდის“, ისე საქართველოს ნაკრების სათამაშო სისტემის განუყოფელი ნაწილია და მისი ყურება საკმაოდ სასიამოვნოცაა. როდესაც სწრაფად მოძრაობს და მეტოქეებს დრიბლინგებს უკეთებს, ლამაზი საყურებელია.
იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონში საგოლე მაჩვენებლები შედარებით დაბალი ჰქონდა, ჩაკვეტაძის თამაში იმით უნდა შეფასდეს, თუ როგორ მონდომებასა და გულს დებს მის თითოეულ მოქმედებაში.
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. მისი მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია, თუმცა, გასული სეზონის ბოლოს აქტიურად უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის გუნდებს. დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძის გარშემო ყველაფერი ივლისიდან გაირკვევა, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.