ფინიქსიდან ჰიუსტონში - დურანტის მომავალი გაირკვა
NBA-ს წლევანდელი სეზონის ბოლო დღეს ერთი მეგატრეიდი უკვე განხორციელდა. „ფინიქსმა“ და „ჰიუსტონმა“ მოილაპარაკეს გაცვლის თაობაზე, რომლის მიხედვითაც დურანტი კარიერას „როკეტსში“ განაგრძობს, ხოლო სანაცვლოდ „სანსი“ ჯეილენ გრინსა და დილონ ბრუკსს მიიღებს. გარდა ამისა, ფინიქსელებმა 2025 წლის დრაფტზე მე-10 არჩევის უფლება მიიღეს.
დურანტი „სანსის“ ღირსებას ორწელიწადნახევრის განმავლობაში იცავდა და გასულ სეზონში საშუალოდ 26,6 ქულას, 6,1 მოხსნას, 4,2 პასს, 0,8 ჩაჭრასა და 1,2 დაფარებას აგროვებდა. ის NBA-ს ორგზის ჩემპიონია და ორივე შემთხვევაში საჩემპიონო ბეჭედი „გოლდენ სტეიტში“ (2017 და 2018 წლებში) ასპარეზობისას მოიპოვა, 15 შემთხვევაში კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ NBA-ს წლევანდელი სეზონი თბილისის დროით ხვალ გამთენიისას დასრულდება, როდესაც „ოკლაჰომა“ და „ინდიანა“ ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეშვიდე შეხვედრას ჩაატარებენ.