ბარკოლას ხვიჩას ტრანსფერი გაუკვირდა | რა ახსნა-განმარტება მისცეს ფრანგ გარემარბს
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, დღევანდელ ნომერში, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, ბრედლი ბარკოლას ვრცელი სტატია მიუძღვნა. მასში ახალგაზრდა გარემარბის მომავალია განხილული და ნათქვამია, რომ ბარკოლა „პარკ დე პრენსის“ დატოვებას არ აპირებს.
L’Equipe-ის ცნობით, ბარკოლას გაუკვირდა, როდესაც იანვარში, „პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დახურა. მან კლუბს ახსნა-განმარტება მოსთხოვა და ბრედლის უთხრეს, რომ „კვარას“ გაფორმება არ ნიშნავდა, რომ ლუის ენრიკეს მისდამი ნდობა ჰქონდა დაკარგული. ესპანელი სპეციალისტის მიზანი იყო, ასენსიოს, ლი კანგ ინისა და კოლო მუანის წარუმატებელი ასპარეზობის გამო, შეტევაში ახალი ვარიანტები გაეჩინა.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, ბარკოლა დაარწმუნეს, რომ ენრიკესთვის კვლავინდებურად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და სათამაშო დრო მიეცემოდა. ბრედლიმ გუნდში დარჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. მას „პარი სენ-ჟერმენის“ სხვა შემტევებთან კარგი ურთიერთბოა აქვს და მზადაა, ჯანსაღ კონკურენციაში ჩაერთოს. „ბაიერნის“ სერიოზული ინტერესის მიუხედავად, ბრედლი „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლას არ გეგმავს.
ცნობისთვის, ბარკოლამ 2024/25 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 58 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 21 გოლი და 19 შედეგიანი გადაცემაა. ლიგა 1-ში, მან 14 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.