უდინეზე უკვე დაუკავშირდა | გოგლიჩიძე კიდევ ერთი ინგლისური კლუბის რადარზე
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ უმაღლეს დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და სერია B-ში გავარდა. იტალიური პრესის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელი ადგილსამყოფელს გამოიცვლის და მისით რამდენიმე კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, გოგლიჩიძე „რომას“, „პარმას“, „ფიორენტინასა“ და „ლაციოს“ რადარებზეა. Corriere dello Sport-ის მიხედვით, მათ გარდა, საბას „უდინეზეც“ აკვირდება და ავტორიტეტული გამოცემა დასძენს, რომ „ბიანკონერი“ ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა კიდეც.
როგორც მოგეხსენებათ, წარსულში გოგლიჩიძესა და „ნოტინგემ ფორესტზე“ დაიწერა, ახლახან კი კიდევ ერთი ინგლისური კლუბის ვარიანტი გაჟღერდა. „წითლების“ გარდა, საბას თვალს „სანდერლენდი“ ადევნებს და ორივე კლუბი მზადაა, „ემპოლის“ 7-8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა. გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა.